ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Mastercard-ის რეგიონალური დირექტორი - "საქართველო ღიაა ინოვაციებისთვის"
18 დეკემბერი, 2023

Mastercard-ის რეგიონალური დირექტორის დავით ზღუდაძის განცხადებით, საქართველოში ბაზრის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ მომხმარებელთა მხრიდან, ადგილობრივ ბაზარზე ელკომერციის გზით სერვისისა და მომსახურების შეძენის მოთხოვნა მზარდია.

„საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად  გამოკვეთილად იყოს სანდოობის ელემენტი. მომხმარებელმა იცის რამდენიმე მსხვილი მომწოდებლის სახელი, მაგრამ  საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. როდესაც ჩვენ ბიზნესს  ვთავაზობთ გადახდის თანამედროვე მეთოდს, ასევე გვინდა, რომ ყველა კუთხით, მომხმარებელმა თავი დაცულად იგრძნოს,“-აღნიშნავს დავით ზღუდაძე.

მისივე თქმით, Mastercard-სა და USAID-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, არსებული პარტნიორობით მხარეების მიზანია, ეროვნულ ბანკს საერთაშორისო სტანდარტები აჩვენოს.

„ციფრული ვალუტის დანერგვის კუთხით რაღაც გამოცდილება ჩვენც დაგვიგროვდა.  თუმცა, ტექნოლოგია ძალიან ახალია, ბოლომდე გამოხატული ჯერ კიდევ არ არის თუ რა სიკეთის მომტანი შეიძლება იყოს ის ბიზნესისთვის, სახელმწიფოსთვის, თუმცა საქართველო ღიაა ინოვაციებისთვის. ჩვენ ვართ რეგიონის მასშტაბით ქვეყანა, სადაც უკონტაქტო გადახდების ყველაზე მაღალი პროცენტი ფიქსირდება. ელექტრონული საფულეებით გადახდების საკმაოდ მზარდი ტენდენცია გვაქვს. საფინანსო სექტორიც საკმაოდ ძლიერია და ტექნოლოგიური ინიციატივების მარტივი მიმღებლობა აქვთ. ისინი შეძლებენ ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაყრდნობით, მომხმარებლებს შესთავაზონ სხვადასხვა სახის გადაწყვეტები, რომელიც  ქართულ რეალობას მიესადაგება,“-აცხადებს დავით ზღუდაძე.

მისივე თქმით, მომხმარებელთან ამ მიმართულებით სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, მათ შორის ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით.

„მომხმარებელთან სამუშაო ბევრია ჩასატარებელი და მიმღებლობა იქნება. თუმცა,  ქაღალდის ფულის მასა მაინც დომინირებს ქვეყანაში.  ალბათ, მომხმარებლებს სჭირდებათ რაღაცა სხვა ტიპის  ტექნოლოგიები, რომელიც მათთვის  იქნება ადვილი მისაწვდომი.  ეროვნული ბანკი ბაზარს რაც უფრო ახალ, განსხვავებულ ტექნოლოგიებს შესთავაზებს, მივალთ იქამდე, რომ საზოგადოება მაქსიმალურად გაციფრულდება,“-აცხადებს  ზღუდაძე.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.