ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მახუნცეთში „ხორუმის“ მოცეკვავის მონუმენტი გაიხსნა და „არტგენიც“ დაიწყო
22 ივნისი, 2018

ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო ფოლკლორის ფესტივალი „არტგენი“ დაიწყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ღონისძიების დაწყებამდე მახუნცეთში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მონუმენტი გახსნა. მონუმენტი „სამშობლოს სადარაჯოზე“ ცეკვა „ხორუმის“ პერსონაჟის - მესაზღვრის ფიგურას განასახიერებს და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას ეძღვნება.

ფოლკლორის ფესტივალი „არტგენი“ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, ტრადიციულ მუსიკალურ ოჯახებს, ხალხური შემოქმედების ანსამბლებს, ცალკეულ მომღერლებსა თუ მუსიკოსებს აერთიანებს. მასში აჭარიდან 18 შემოქმედებითი ჯგუფი მონაწილეობს.

ზურაბ პატარაძის თქმით, მსგავსი ფესტივალების ჩატარება აჭარის მაღალმთიანეთში ხელს უწყობს ერთის მხრივ ტურიზმის განვითარებას, მეორე მხრივ, ადგილობრივი კულტურის და თვითმყოფადობის შენარჩუნებას, რაც ყველაზე მეტად იზიდავს უცხოელ ვიზიტორებს ჩვენს ქვეყანაში.

„არტგენს“ 14 წლიანი ისტორიის მანძილზე, აჭარის მაღალმთიანეთი პირველად მასპინძლობს. რეგიონული ტურნესთვის ადგილების შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ტურისტულად საინტერესო და მნიშვნელოვანი ადგილების გაცოცხლება და პოპულარიზაცია.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.