ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მცირე მარნების როლი ქვეყნის ბრენდინგისა და ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია – ლევან კობერიძე
24 მარტი, 2022

რა შეიძლება იყოს მცირე მარნების როლი ქვეყნის ბრენდინგისა და ეკონომიკისთვის – ამ თემაზე სასაუბროდ ლევან კობერიძემ თავის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ რადიო „კომერსანტის“ სტუდიაში „იაგოს ღვინის“ დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილი მიიწვია. გადაცემის სტუმრის თქმით, როდესაც საქმიანობა დაიწყო, ნატურალური ბოთლის ღვინო არ არსებობდა, შესაბამისად, არსებული ნიშა დაიკავა.

მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენს Telegram-ზე.

„როდესაც რაღაც საქმის წამოწყებას ვფიქრობ, ყოველთვის მომხმარებლის თვალით ვუყურებ, თუ რა შემთხვევაში დამაინტერესებდა მე ესა თუ ის პროდუქტი, შესაბამისად მაშინაც ასე ვფიქრობდი, ბაზარზე ასეთი პროდუქტი არ არსებობდა, იმ პერიოდში ექსპორტზე არც მიფიქრია, თუმცა აღმოჩნდა, რომ ქვეყნის საზღვრებს გარეთ  მოთხოვნა იყო,  მეგობარმა მითხრა რომ იტალიელები იყვნენ ჩამოსული და აინტერესებდათ ჩემი პროდუქტი. იტალია აღმოჩნდა პირველი ბაზარი, სადაც ქვევრის ნატურალური ღვინო გავიდა. ეს იყო 2006 წელს. ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით იტალია ერთ-ერთი ყველაზე რთული ბაზარია შესასვლელად. ამის შემდეგ იყო ინგლისი, სადაც ჩემი ღვინო გავიტანე.

მათთვის ამ ღვინოში მნიშვნელოვანი ქართული ყურძნის ჯიშები აღმოჩნდა, დასავლეთის ბაზარზე განსაკუთრებით პოპულარული ხდება ქარვისფერი ღვინო, მიუხედავად  იმისა, რომ მას ძალიან ბევრი ევროპელი  აკეთებს,  ეს ღვინო მომხმარებლისთვის მაინც საქართველოსთან ასოცირდება და მის სამშობლოდ  საქართველო ითვლება.  ამას  ემატება  ის  ნატურალური  ღვინის სამყაროც, რომელიც მაშინ იკიდებდა  ფეხს“, -  აღნიშნა იაგო ბიტარიშვილმა.

ბიტარიშვილის თქმით საფრანგეთიც ღვინის შემოქმედი ქვეყანაა და არაერთი გამოფენა ტარდება , სადაც  სხვადასხვა ქვეყნიდან ექსპორტიორები ჩადიან.  როდესაც 2013 წელს საფრანგეთში ლუარეს ხეობაში გამოფენაზე „იაგოს ღვინო“ იღებდა მონაწილეობას, იმდენად ბევრი წარმომადგენელი იყო, რომ ქალაქში თავისუფალი სასტუმრო აღარ იყო დარჩენილი და 3 დღის განმავლობაში  5-6 გამოფენა მიმდინარეობდა, რაც, ბიტარიშვილის  თქმით, ამ სფეროში მაღალ კონკურენციაზე მიუთითებს.

„საქართველოს პატარა მარნებს ხშირად აკრიტიკებენ, რა თქმა უნდა ყველა ღვინო კარგი ვერ იქნება, მაგრამ ლიბერალური საკანონმდებლო ბაზა, რომელიც საქართველოს მეღვინეობასთან დაკავშირებით აქვს და ღია ბაზარი იძლევა საშუალებას, რომ ყველას, ვისაც შეუძლია, დაიწყოს წარმოება და ამ ბევრში იყოს ჯანსაღი კონკურენცია. თუ ადრე, როდესაც ღვინო პოპულარული ხდებოდა, ექსპორტისთვის საკმარისი იყო, რომ ყოფილიყავი პატარა მარანი და ღვინო ბოთლში ჩამოგესხა, ახლა ასე აღარ არის და ხარისხიც მნიშვნელოვანი გახდა“, -  აღნიშნა იაგო ბიტარიშვილმა

ბიტარიშვილის თქმით პატარა მარნები უფრო მოქნილები არიან, დიდი საწარმოსთვის დიდი რესურსია საჭირო, აქედან გამომდინარე  ნატურალური  ღვინის სეგმენტი მსოფლიო ბაზარზე,  რომელიც  დღითიდღე ძალიან პოპულარული ხდება, ძალიან კარგად მოერგო ტრადიციულ მეთოდს.

გადაცემის წამყვანმა ლევან კობერიძემ აღნიშნა, რომ ღვინის ტურიზმის თვალსაზრისით მცირე მარნები უფრო მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც ტურისტები ჩამოდიან, მცირე მარნები უფრო ხელშესახებია იმისთვის, რომ ტურისტებმა საქართველოს დანახვა შეძლონ.

იაგო ბიტარიშვილის თქმით, დიდი და საშუალო მარნებისთვის ეს შეუძლებელია, რადგან ხშირ შემთხვევაში თანამშრომლები დაქირავებული ჰყავთ და როდესაც ღვინის წარდგენა უშუალოდ მეღვინის მიერ არ ხდება, ტურისტისთვის ხიბლი ეკარგება.

„ერთხელ ოჯახით წავედი, მინდოდა, რომ ჩემ შვილებს სხვა მარნებიც ენახათ და განსხვავება დაენახათ,  თუმცა ყველგან  დამხვდა  თანამშრომელი, ცუდი კი არ იყო, მაგრამ თვითონ მეღვინე  რომ  დამხვედროდა  სულ სხვა იქნებოდა.

კონკრეტული რეგიონის მიმართ ხომ ყველას გვაქვს ხიბლი, ყველას განსხვავებული  კულტურა აქვს და მიუხედავად საქართველოს პატარა  ტერიტორიისა, მრავალფეროვნება, მათ  შორის  ღვინის  სფეროში  ჩვენთვის დიდი  საგანძურია. რამდენიმე  წლის  წინ  რომ  გურიაში ასეთი საინტერესო ჯიშები შეიძლებოდა  ყოფილიყო  მეც  არ  ვიცოდი, დიდი პოტენციალია  ამ მიმართულებით. შეიძლება აქ მილიონობით ბოთლი ვერ მივიღოთ, მაგრამ არც  ისეთი დიდი  ქვეყანა ვართ, რომ მაგალითად გურიაში მაგხელა ტერიტორიაზე გაშენდეს ვენახი“, -  აღნიშნა იაგო ბიტარიშვილმა.

მისივე თქმით, მცირე მარნების პროდუქტი სხვა საფასო სეგმენტში იყიდება და ის მინიმუმ 4-ჯერ ძვირია დიდი მარნების ღვინოსთან შედარებით.  გარდა ამისა, ბიტარიშვილმა აღნიშნა, რომ მცირე მარნები ძალიან საინტერესო მახასიათებლებით გამოირჩევიან და მათი პროდუქტის ექსპორტი ძირითადად ევროპულ ქვეყნებში უფრო ხორციელდება ვიდრე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.

ბიტარიშვილის თქმით, პროდუქტის შექმნის პროცესში ოჯახის ჩართულობაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ოჯახურ საქმეს აუცილებლად უნდა გამგრძელებელიც.

„ჩემი შვილები მარანში გაიზარდნენ, რა თქმა უნდა როცა პატარები იყვნენ ვერ მეხმარებოდნენ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ თამაშ-თამაშით ჰქონოდათ მეხსიერება.  მე რომ ეს მეხსიერება ჩემი ოჯახისგან არ მქონოდა არ მექნებოდა არც ღვინო არც ლუდი.

ჩვენი მომავალი თაობა სადაც ისინი ყოველდღე ღვინოს ხედავენ, შეიძლება შემდეგ ეს ცხოვრების წესიც გახდეს ან  შეიძლება მომაბეზრებელიც გახდეს და რაღაც  ახალი მოუნდეს,  საზღვარგარეთ  წავიდეს, მაგრამ  ბოლოს  აუცილებლად დაუბრუნდება, ასე ხდება ეს, ასეა სოფელიც, მას ასაკში აფასებს ადამიანი. მაშინ, როცა შემოსავალიც ექნება, დიდად  გარანტირებულია, რომ ეს  საქმე  გაგრძელდება და აღარ დაიკარგება. ახლაც არ  ვაძალებ,  არ მინდა  რომ  ეს ყოველდღიურობა ყელში ამოუვიდეთ“, -  აღნიშნა იაგო ბიტარიშვილმა.

რაც შეეხება ლუდის  წარმოებას, ბიტარიშვილი ამბობს, რომ მისთვის ლუდი როგორც ბიზნესი საინტერესო არ იყო, უბრალოდ ბაზარზე ძველი ტრადიციის შემოტანა უნდოდა.

ჩვენ ლუდის დიდ წარმოებაზე ვერ გადავერთვებოდით , რადგან ჩვენი მიმართულებაა ღვინო,  ჩვენ შიდა  ბაზარზე  ლუდს  არ ვყიდით,  მხოლოდ  საექსპორტოდ ვამზადებთ და ვაგზავნით ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის იაპონია და აშშ. ძალიან  მცირე  რაოდენობით,  მხოლოდ  მათთვის  ვაკეთებთ, ალბათ მოვა ის დროც, როცა ტურისტებსაც ვუმასპინძლოთ“, -  აღნიშნა იაგო ბიტარიშვილმა.

ლევან კობერიძის საავტორო გადაცემა „ბრენდი საქართველო“ რადიო კომერსანტის პირდაპირ ეთერში ყოველ ორშაბათს 19:00 საათზე გადაიცემა.

 commersant.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.