მცხეთაში საყოველთაო სანათლავისა და საფეხმავლო ხიდის მოწყობისთვის 420 ათასი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს უკვე გამოცხადებული აქვს ტენდერი, რომელიც მცხეთაში ანტიოქიის მონასტრის მიმდებარედ, მდინარე მტკვრისა და მდინარე არაგვის შესართავთან საყოველთაო სანათლავის, ხოლო მდინარე არაგვზე საფეხმავლო ხიდის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას გულისხმობს.
წინადადების მიღების ვადა სრულდება 2017 წლის 29 დეკემბერს.
"მცხეთაში ანტიოქიის მონასტრის მიმდებარედ, მდინარე მტკვრისა და მდინარე არაგვის შესართავთან საყოველთაო სანათლავის, ხოლო მდინარე არაგვზე საფეხმავლო ხიდის მოწყობით უზრუნველყოფილი იქნება ისტორიული კავშირის აღდგენა სვეტიცხოველსა და ჯვრის მონასტერს შორის, ასევე შეიქმნება კომპლექსური პილიგრიმულ-ტურისტული მარშრუტი",- ნათქვამია დოკუმენტაციაში.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი