მცხეთის ქალაქის განვითარების გეგმაზე ისევ დაწუნებული პროექტის ავტორი კომპანია „სალი 2011“ მუშაობს, - ამის შესახებ „კომერსანტს“ მცხეთის საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის წევრმა თამარ მაისურაძემ განუცხადა.
როგორც ცნობილია „სალი 2011“-ის მიერ წარმოდგენილი გეგმა მცხეთის საკრებულოსთან ერთად იუნესკომაც დაიწუნა და შესაბამისი რეკომენდაციები გასცა. „კომერსანტის“ ინფორმაციით, ახალ გეგმაზე მუშაობა იუნესკოს დამოუკიდებელ არბიტრთან ერთად სპეციალურ კომისიას უნდა დაეწყო და 2017 წლის 12 ოქტომბერს ახალი გეგმა უნდა წარმოედგინა, თუმცა საკრებულოს წევრებს იუნესკოდან ჩამოსული დელეგაციის წევრები არ შეხვედრიან და ძველი გეგმის განახლებაზეც დაწუნებული გეგმის ავტორები აგრძელებენ მუშაობას.
თამარ მაისურაძის განცხადებით, ხელისუფლებამ სპეციალური კომისიის შექმნას, ამჯობინა, რომ პროექტი ძველი გეგმის ავტორი კომპანიას დაესრულებინა.
„სალი 2011“ აგრძელებს გეგმაზე მუშაობას, მან უნდა შეიტანოს ის ცვლილებები, რომლებიც მცხეთის საკრებულომ და იუნესკომ რეკომენდაციის სახით მისცეს. ჩვენ გვქონდა შეთავაზება, რომ მოგვეწვია ექსპერტები და მათ დაესრულებინათ ეს გეგმა, მაგრამ ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ უკეთესი იქნება მან დაასრულოს გეგმაზე მუშაობა, ვინც დაიწყო“,-ამბობს თამარ მაისურაძე.
აღსანიშნავია, რომ მთავრობამ აღნიშნული გეგმის შემუშავებაში შპს „სალი 2011“-ს სარეზერვო ფონდიდან 160 ათასი ლარი გადაუხადა, თავის დროზე გეგმის ავტორები საკრებულოსა და იუნესკოს შენიშვნებს არ იზიარებდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისინი მცხეთის ქალაქის განვითარების გეგმას დამატებითი სახსრების გარეშე მაინც განაახლებენ. როგორც თამარ მაისურაძემ „კომერსანტს“ უთხრა გეგმა ოქტომბრის ბოლოსთვის მზად უნდა იყოს, რათა მისი განხილვა და შემდეგ დამტკიცება წლის ბოლომდე მოესწროს.
„ახალ გეგმაზე მუშაობისთვის „სალი 2011“-სთვის ბიუჯეტიდან თანხა აღარ გამოყოფილა. ეს დოკუმენტი დეკემბრამდე უნდა იყოს დასრულებული, თუმცა რა ეტაპზეა ეს პროცესი ახლა არ ვიცი, მომუშავე კომპანიასთან პირადად მე კომუნიკაცია არ მაქვს“,-განმარტავს მაისურაძე.
როგორც ცნობილია, იმის გამო, რომ მცხეთის გენერალური გეგმა ვერ დამტკიცდა, რამდენიმე თვის წინ მთავრობამ მცხეთაში მიწების გასხვისებასა და მშენებლობებზე მორატორიუმი 2 წლით გაახანგრძლივა, როგორც მაშინ „კომერსანტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსმა თეო ონიანმა განუცხადა, თუ საკრებულო მორატორიუმის ვადის ამოწურვამდე შეძლებს აღნიშნული დოკუმეტაციის მიღებას, მორატორიუმიც ვადაზე ადრე შეწყდება.
როდის დაასრულებს კომპანია „სალი 2011“ ქალაქის ახალ გეგმაზე მუშაობას, „კომერსანტი“ აღნიშნულ თემაზე მუშაობას აგრძელებს და კომპანიის პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ავტორი: ნათია სოსიაშვილი
commersant.ge