ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მდგრადი საავიაციო საწვავი (SAF) ეკოლოგიურად სუფთა ავიაციის გასაღებია
26 სექტემბერი, 2022

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) 2021 წლის ოქტომბერში ისტორიული ნაბიჯი გადადგა 2050 წლისთვის სრული დეკარბონიზაციისთვის.

IATA-ს გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნულია, რომ ისინი ბოლომდე მიჰყვებიან პარიზის 2008 წლის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც 2020 წლიდან საჰაერო ტრანსპორტით გამოყოფილი ნახშიროჟანგის მოცულობა დროთა განმავლობაში უნდა შემცირებულიყო, ხოლო 2050 წლისთვის ნულოვან მაჩვენებლამდე დასულიყო.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს გზა გრძელი და რთულია, თუმცა მიღწევადი. ჩვენ ბოლომდე მივყვებით ამ გზას და აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზანს,“- IATA.

მთავარი კითხვაა: რა გზებით მიიღწევა ეს კონკრეტული მიზანი? IATA-ს თქმით, დეკარბონიზაციისთვის არაერთი სცენარი განიხილეს, სანამ ერთ კონკრეტულს აირჩევდნენ. ჩატარებულმა ანალიზურმა კვლევებმა ცხადყო, რომ მდგრადი საავიაციო საწვავის (SAF) წარმოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა საკვანძო როლს ითამაშებს საჰაერო სექტორის დეკარბონიზაციაში.

„ჩვენ ვეყრდნობით მდგრად საავიაციო საწვავს, რადგან ამ დროისთვის, ეს ერთადერთი საიმედო გზაა საავიაციო სექტორის დეკარბონიზაციისათვის, თანაც ისე, რომ საჰაერო ბიზნესის სექტორმა ყოველგვარი შეფერხების გარეშე განაგრძოს ფუნქციონირება, რაც გლობალური ეკონომიკის განვითარების შეფერხებას არ გამოიწვევს”- IATA.

მდგრადი საავიაციო საწვავი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად გამოიყენება. SAF-ისა და ჩვეულებრივი საწვავის კომბინაციით დაახლოებით 450 000-ზე მეტი ფრენა განხორციელდა.

2021 წელს მდგრადი საავიაციო საწვავის წარმოება 100 მილიონ ლიტრს აღწევდა, 2030 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 30 მილიარდ ლიტრამდე ავა და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. IATA აქტიურად ითანამშრომლებს ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ICAO), მთავრობებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ერთად უზრუნველყონ მდგრადი ნავთობის საკმარისი რაოდენობით წარმოება.

30 მილიარდი ლიტრი SAF-ის წარმოების მიღწევა გარდამტეხი წერტილი იქნება, რადგან ის მკაფიო სიგნალს გააგზავნის საერთაშორისო ბაზარზე, რომ SAF-ი წარმატებით ასრულებს თავის როლს ავიაციის დეკარბონიზაციაში და ხელს შეუწყობს ინვესტიციების წახალისებას, რაც თავისთავად წარმოების ზრდასა და ფასის შემცირებას უზრუნველყოფს.

„ავიაცია მისი არსებობის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ფუნდამენტური ტრანსფორმაციის პროცესშია, რომელიც აუცილებლობით წარმოიშვა, ხოლო ჩვენი მიზანია ამ სექტორის დეკარბონიზაცია ისტორიული და მზარდი ეკონომიკური როლის შემცირების გარეშე. ჩვენი გლობალიზებული სამყარო საავიაციო კავშირზეა დამოკიდებული,“ - აცხადებს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.