Bloomberg-ზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია გრძელდება. გავლენიანი მედია პლატფორმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პირველ სტატიას აქვეყნებს.
„იუთუბერები ჯეიმ პოულ სპარფორდი და ბენჯამინ დევიდ ებრელი კერძებისა და სასმელების თემაზე ყველაზე პოპულარული ვიდეოების შემქმნელები არიან, მათ არხს “Sorted Food” Youtube-ზე 2,7 მილიონი გამომწერი ჰყავს. როგორც ბენი ამბობს YouTube-ზე 13 წელია სხვადასხვა ეროვნული სამზარეულოს შესახებ ამზადებენ ვიდეო მასალებს, თუმცა საქართველოს შესახებ მხოლოდ ერთხელ ისაუბრეს. ამიტომ ახლა კარგი დროა ეს გამოვასწოროთ. Sorted Food-ის გუნდს ვთხოვეთ გაიცნონ საქართველოს სამზარეულო, კულინარიული ტრადიციები, რესტორნები და შეფ-მზარეულები, რითაც საქართველო მსოფლიოში ცნობილი გახდა“, - წერს Bloomberg. სტატიის ავტორის თქმით, ბენი და ჯეიმი მოგზაურებს ძირითად დასავლეთის ქვეყნებიდან მოიზიდავენ საქართველოში.
„შემიძლია რუკაზე ზუსტად გაჩვენოთ საქართველო“, -ამბობს ჯეიმი. „მრავალფეროვანი ტრადიციებით გამორჩეული საქართველო ძალიან ძველი ქვეყანაა, რომელიც გზაჯვარედინზე მდებარეობს, თბილისი ძალიან თანამედროვეა. საქართველო ავსტრიასა და ირლანდიაზე მცირე ზომის ქვეყანაა, თუ დროში შეზღუდული ხართ არა უშავს, თქვენ მაინც მოასწრებთ ისტორიული ქალაქების, მშვენიერი მთის სოფლების, საზღვაო, სამთო კურორტებისა და ღვინის რეგიონების მონახულებას. ჩვენ ჯეიმს და ბენს ამ საზაფხულო მოგზაურობაში გავყევით, რომ კარგად გაეცნოთ ქართული კერძები, ღირსშესანიშნაობები და კულტურა“,-წერს Bloomberg.
სტატიაში აღწერილია ცნობილი იუთუბერების მოგზაურობა ძველ თბილისში, გოგირდის აბანოები, დედაქალაქის ისტორიული ადგილები, რესტორნები, კერძები, შეხვედრები ცნობილ მზარეულებთან. Bloomberg სტატიაში აღწერს თუ როგორ მოამზადეს ცნობილმა იუთუბერებმა ხინკალი ქართველი მზარეულების დახმარებით, როგორ გაეცნენ ქართულ სუფრას, სადღეგრძელოებს, რიტუალებს, პოლიფონიურ სიმღერებს და რა თქმა უნდა ღვინის მომზადებას.
„მას შემდეგ რაც თბილისს გავცდით, ჩვენმა კერძების მკვლევრებმა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ტრადიციის მეღვინეობის შესწავლა დაიწყეს. სექტემბერი მოსავლის აღების საუკეთესო პერიოდია, ამ პერიოდში ფესტივალები იმართება, თუმცა კახეთში, ღვინის მწარმოებელ მხარეში, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეისწავლოთ და გაეცნოთ ქართულ ღვინოს. ჩვენ ფრანგული სტილის შატოს ვესტუმრეთ. მე-19 საუკუნეში აგებული წინანდლის მამული, ალექსანდრე ჭავჭავაძის დროს, საქართველოს ინტელექტუალური და კულტურული ცხოვრების ცენტრი იყო“, - წერს Bloomberg. სტატიაში აღწერილია ქართული ღვინის 8 ათასწლოვანი ტრადიცია, პურის დამზადების მასტერკლასები, თელავის ვაზარი, ყველი, ნადუღი და მაწონი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Bloomberg საქართველოს შესახებ კიდევ ერთი სტატიას გამოაქვეყნებს, მზადდება ვიდეორგოლები. უკვე მიმდინარეობს სარეკლამო კამპანია სოციალურ მედიაში, (Facebook, Twitter, Instagram, Youtube, TikTok) რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება.
კამპანიის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა.
avianews.ge