ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მე ბიო მეწარმე ვარ, ჩემ პროდუქციას როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში მომხმარებელი ყოველთვის ჰყავს - ჯაყელების მარანი
22 აგვისტო, 2022

გასულ წელს საქართველოში ალკოჰოლის მოხმარებამ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. ალკოჰოლის შიდა მოხმარება 2011 წელთან შედარებით 40%-ით არის შემცირებული. 2011 წელს წლიურად 47 მლნ ლიტრი ალკოჰოლის მოხმარება ხდებოდა, - 2021-ში კი 28-ის. TBC კაპიტალის კვლევის მიხედვით, ქართველებში ყველაზე პოპულარული ალკოჰოლური სასმელი ღვინოა, რომელიც მთლიან მოხმარებაში 87%-ს იკავებს. გასულ წელს მა ოჯახების რაოდენობა, ვინც ღვინოს მოიხმარენ 2019 წელთან შედარებით 13%-ით შემცირდა. თუკი მაგალითად 2014 წელს შინამეურნეობების მიერ მოხმარებული ჯამური ალკოჰოლის რაოდენობა წლიურად 51 მლნ ლიტრს შეადგენდა, 2021-ში ეს მოცულობა 28 მლნ ლიტრამდე შემცირდა.

მცირე მარნების წარმომადგენლები „კომერსანტთან“ საუბრისას  აცხადებენ, რომ მათ გაყიდვები არც ადგილობრივ და არც  საერთაშორისო ბაზარზე არ შემცირებიათ.  როგორც „ჯაყელების მარნის“ მფლობელი, ღვინის მწარმოებელი ზაზა ჯაყელი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს გაყიდვების პრობლემა არასდროს ქონია.

„მე გაყიდვების პრობლემა ნამდვილად არ  მაქვს, 22 წელია ამ  საქმეში ვარ და ბაზარზე დაახლოებით 15-16  წელია ჩემთვის გაყიდვები პრობლემა  არ არის. მე არ ვარ არც  რუსეთის და არც უკრაინის ბაზარზე დამოკიდებული. ადგილობრივ  გაყიდვაზე რაც  შემიძლია გითხრათ მე ბიო მეწარმე  ვარ, ჩემ პროდუქციას როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში მომხმარებელი ყოველთვის ჰყავს. მე ვფიქრობ როდესაც მცირე რაოდენობა გაქვს  პრობლემაც ნაკლებია.

რაც შეეხება უცხოეთს ჩემი ღვინო ექსპორტზე გადის იაპონიაში, სინგაპურში, იტალიაში, საფრანგეთში, ლატვიაში  გერმანიაში და ა.შ.  იაპონელებს დაახლოებით 12  წელია ჩემი ღვინო მიაქვთ“ -  აღნიშნა ზაზა ჯაყელმა.

„იაგოს ღვინოს“ დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მცირე მარნებს, რომლებიც ქვევრის ღვინოს აწარმოებენ გაყიდვები არ შემცირებიათ და ექსპორტიც გაეზარდათ.

„ჩვენ პატარა მარანი გვაქვს და შემცირება არ გვქონია, პატარა მარნებს  რომლებიც ქვევრის ნატურალურ ღვინოებს აწარმოებენ  ექსპორტი გაზარდათ. ჩვენ პატარა  წარმოება  გვაქვს  და ექსპორტი 12 ქვეყანაში გვაქვს,  ესენი ძირითადად ევროპის ქვეყნებია და  გარდა ევროპის  ქვეყნებისა პროდუქცია გაგვაქვს იაპონიაში და აშშ-ში“, - აღნიშნა იაგო ბიტარიშვილმა.

TBC კაპიტალის კვლევის მიხედვით, ჯამში შინამეურნეობების 10% მოიხმარს ღვინოს, მაშინ როდესაც 2004 წელს შინამეურნეობების 20% მოიხმარდა ღვინოს. შემცირებულია სპირტიანი სასმელების მოხმარებაც - მას თუკი შინამეურნეობების 11.5% მოიხმარდა 2004 წელს გასულ წელს ეს მაჩვენებელი 4%-ს შეადგენდა. რაც შეეხება ლუდს და სხვა ტიპის შუშხუნა სასმელებს - მათი მოხმარების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია, - 2%.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.