ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
იმუშავებს თუ არა ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო სერტიფიცირება - რა მოლოდინები აქვთ სექტორის წარმომადგენლებს
16 დეკემბერი, 2022

„მე მგონია, რომ შიდა ბაზარზე გასაყიდი ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო სერტიფიცირების წესი ვერ იმუშავებს“, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ ღვინის ექსპერტმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი სამანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სავალდებულო სერტიფიცირება დიდი და მსხვილი კომპანიებისთვის ადვილია, თუმცა ბაზარზე არსებულ ბევრ მცირე მეღვინეს გაყიდვის პროცესს გაურთულებს.

„ჩვენ ბაზარზე ძალიან ბევრი მცირე მწარმოებელი გვყავს, რომელიც უბრალოდ ვერ შეძლებს ამის გაკეთებას და მგონია, რომ ამის გამო, ან გადაიდება სერტიფიცირება, ან დაიწყება და მალე გაჩერდება. ზოგადად სერტიფიცირების მიზნობრიობა რთული შესაფასებელია, რატომ დაიგეგმა ამაზე ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ სექტორს ბევრს ვერაფერს ვერ მოუტანს, ბიუროკრატიული პროცესია, რომელიც მცირე მწარმოებლებისთვის გაყიდვის პროცესს გაართულებს“, - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

 „კომერსანტი“ მოსალოდნელ ცვლილებასთან დაკავშირებით სექტორის წარმომადგენლებსაც გაესაუბრა. „როიალ ხვანჭკარას“ ხელმძღვანელი, მირიან ჭიღვარია „კომერსანტთან“ ამბობს, ამ პროცესისთვის მზად არიან, რადგან ყველა ღვინოს, როგორც საექსპორტოს, ასევე არასაექსპორტოს სერტიფიკატი უკეთდება.

„ჩვენთვის არაფერი არ შეიცვლება, წარმოშობის სერტიფიკატი, რაც ღვინის მაიდენტიფიცირებელია, ეს დოკუმენტი გაკეთდება და მაღაზიაში რომ შეიტან, პროდუქციას უნდა დაურთო თან.  არა მგონია, რომ რომელიმე მცირე მეწარმისთვის ეს შემაფერხებელი იყოს.

ღვინოს როდესაც ჩამოასხამ, ის ინომრება და ლოტის ნომერი ენიჭება, რომელ რიცხვშია ჩამოსხმული და შესაბამისი სერტიფიკატი უნდა გაკეთდეს ლაბორატორიაში. თუ ადგილწარმოშობის ღვინოა, უნდა გაუკეთდეს შემოწმება და იდენტობა. როდესაც დაზუსტდება, რომ ნამდვილად არის ქინძმარაული, თუ ტვიში და შემდეგ ამას შევიტანთ, სერტიფიცირებაც ამას გულისხმობს.

კანონი ისედაც ითვალისწინებდა ამას და უბრალოდ, ახლა ამის აღსრულება უნდა მოხდეს. ჩვენ ისედაც მზად ვიყავით ამისთვის, უბრალოდ ერთადერთი წარმოშობის სერტიფიკატი გვექნება მისატანი. მაღაზიები იქნება ეს, სავაჭრო ცენტრები, თუ ქსელურები. არა მგონია, ეს შემაფერხებელი იყოს, რადგან მეღვინეობას ეს ისედაც ეხებოდა“, - აღნიშნა მირიან ჭიღვარიამ.

შეგახსენებთ, ღვინის სააგენტოს გადაწყვეტილებით, 1-ლი იანვრიდან შიდა ბაზარზე გასაყიდი ალკოჰოლიანი სასმელების  სერტიფიცირება სავალდებულო ხდება.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.