სამედიცინო ტურიზმის პერსპექტივები საქართველოში - "ჯერ ვერ მიხვდნენ,რომ საქართველოში ეს დარგი პერსპექტიულია"
მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ტაილანდში, ეგვიპტეში, თურქეთში, ისრაელში სამედიცინო ტურიზმი უმაღლეს დონეზეა განვითარებული და ყოველწლიურად ქვეყნებს ამ მიზნით ათასობით ტურისტი სტუმრობს. ტურიზმის ამ საინტერესო, პერსპექტიულ მიმართულების განვითარებას პერსპექტივა საქართველოშიც აქვს, მით უმეტეს, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის გამოირჩეოდა უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტებით.
საქართველო ბალნეოლოგიური, მთის და ზღვის კურორტებით მდიდარი ქვეყანაა. საქართველოში ნუსხით დამტკიცებული 103 კურორტი და 182 საკურორტო ადგილია.
მიუხედავად იმისა, რომ მათ განვითარების დიდი პერსპექტივა აქვთ, ზოგიერთი მათგანი უყურადღებოდ არის მიტოვებული და როგორც კურორტი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს.
ტურიზმის სფეროს წარმომადგენელები აცხადებენ, რომ ამ მხრივ საქართველოს ბევრი რეგიონი უნიკალური და გამორჩეულია.
Caucasus business week-ი დაინტერესდა რა პერსპექტივები აქვს საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარებას, რომელიც მსოფლიო ტურიზმის ერთ–ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტია?
ქვეყანაში ამ დარგის განვითარების პოტენციალზე საუბრობს „არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი. ხომასურიძის თქმით, თუკი მედიცინაში არის კომერციული ინტერესი, ეს, პირველ რიგში, რეპროდუქციულ ჯანმრთელობას ეხება.
შესაბამისად, ამ კუთხით სამედიცინო ტურიზმსაც ძალიან დიდი პერსპექტივები გააჩნია. ხომასურიძე აცხადებს, რომ რამდენიმე წლის წინ „ჟორდანიას ინსტიტუტს,“ რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, ჰქონოდა საკუთარი სასტუმროს შექმნის გეგმა, მაგრამ პროექტის განხორციელება დროში გაიწელა, რადგან სააკაშვილის ხელისუფლებამ რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი „ჟორდანიას კლინიკიდან“ გამოაძევა და მან საქმიანობის აღდგენა მხოლოდ 4 თვის წინ მოახერხა.
ხომასურიძე აცხადებს, რომ კლინიკის პაციენტებს შორის უცხოელებს 10-12% უკავია. კერძოდ, უშვილო წყვილები მათთან თურქეთიდან, ირანიდან, არაბეთის ქვეყნებიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან ჩადიან. რეპროდუქტოლოგის ინფორმაციით, საქართველოში არის მთელი რიგი კანონები, რომლებიც სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ლიბერალურია და დარგს უფრო მიმზიდველს ხდის, შესაბამისად იაფია მომსახურებაც, უცხოელების დაინტერესებაც აქედან გამომდინარეობს.
ხომასურიძის განცხადებით, ქვეყანაში ამ კუთხით ვითარების გამოსასწორებლად ბოლო წლების განმავლობაში არაფერი შეცვლილა. მისი თქმით, პირველ რიგში უნდა გამოსწორდეს ქართველი ერის მსოფლმხედველობა და ამაღლდეს განათლების და ინფორმირების დონე.
როგორცმ ხომასურიძე აცხადებს, სამედიცინო ტურიზმის განვითარება ტურისტული კომპანიებისა და სამედიცინო სექტორის ერთობლივი თანამშრომლობით უნდა მოხდეს. „ჯერ ვერ მიხვდნენ, რომ ეს საქართველოში პერსპექტიულია. ჩვენთან ტურიზმის განვითრებას ჯერ კიდევ ბევრი რამე უნდა, თუმცა, სამედიცინო ტურიზმის განვითარებას სხვა რამე სჭირდება. ტურისტული კომპანიები და ბალნეოლოგიური კურორტების დაკავშირებაა საჭირო და რა თქმა უნდა შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება“-აცხადებს ხომასურიძე.
„საქართველოს ტურიზმის ასოციაციის“ თავმჯდომარე ნატა კვაჭანტირაძე განმარტავს, რომ სამედიცინო ტურიზმი მართლაც ძალზე საინტერესო მიმართულებაა და ეს მიმართულება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში პოპულარულია. მისი განმარტებით, არსებობენ ქვეყნები, რომლებმაც ამ სფეროში დიდ წარმატებებს მიაღწიეს.
„სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის პოპულარიზაცია ბოლო ხანებში განსაკუთრებით გააქტიურდა. კავკასიის რეგიონი და მათ შორის, საქართველოც, მინერალური და თერმული წყლების დიდი რაოდენობით გამოირჩევა, რაც საშუალებას გვაძლევს სამკურნალო კურორტები არაერთ რეგიონში განვავითაროთ. ამ ხმრივ გამორჩეულია საკურორტო ზონები, რომლებიც საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია მიმოფანტული“-აცხადებს კვაჭანტირაძე.
მისი განმარტებით, სამკურნალო ტურიზმის განვითარება სამედიცინო სფეროს განვითარების გარეშე წარმოუდგენელია. კიდევ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი: კომფორტი და ინფრასტრუქტურა. კვაჭანტირაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი კურორტები გვაქვს, ამ მიმართულებით მაინც ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. „ძალიან კარგია, რომ ზოგიერთი კურორტი მაღალ დონეზე მოეწყო - საირმე, ბორჯომი, წყალტუბო - ეს ადგილები ბოლო წლებში მაქსიმალურად არის დატვირთული“-აცხადებს კვაჭანტირაძე.
მისი განმარტებით, კარგი იქნება, თუ სხვადასხვა ბალნეოლოგიური კურორტი განვითარდება , მოეწყობა ინფრასტრუქტურა, რაც გახდება ტურისტების მოზიდვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა.
მისი განმარტებით, კერძო სექტორისთვის სამედიცინო ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამას კი მხარს სახელმწიფო სტრუქტურებიც უჭერენ.
როგორც კვაჭანტირაძე აცხადებს, საქართველოში სამედიცინო ტუირიზმის განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს.
„სამედიცინო ტურიზმი არ გულისხმობს მარტო კურორტზე ადამიანების განთავსებას, არამედ მოიაზრებს სამედიცინო უზრუნველყოფასაც. ამ ეტაპზე საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წევრები ჩართულები ვართ სხვადასხვა აქტივობებში, სხვადასხვა შეთავზებებს ვთავაზობთ მომხმარებლებს. მარტის თვეში მიწვეულები ვიყავით ანტალიის ერთ-ერთ მსხვილ ტურისტულ (სპორტულ და სამედიცინო მიმართულებით) გამოფენაში. იქ შევხვხდით ძალიან ბევრ პარტინიორს, გაფორმდა ხელშეკრულებები, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მხრივ საქართველოს მომხმარებელი გაეზრდება“-აცხადებს კვაჭანტირაძე.
მისი განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში სამედიცინო ტურიზმი განვითარების სტადიაშია. შედეგად, არსებული ინფრასტრუქტურა ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, რასაც ვერ ვიტყვით საირმეზე, წყალტუბოსა და ბორჯომზე.
ბალნეოლოგიური კურორტ „ახტალის" ხელმძღვანელი გიორგი უტიაშვილი განმარტავს, რომ სამედიცინო ტურიზმის საქართველოში დიდი პერსპექტივა აქვს, თუმცა, ეს ინფრასტრუქტურის მოწესრიგების გარეშე ვერ მოხდება. მისი თქმით, სამწუხაროა ის, რომ დღეს საქართველოში არსებულ ძალიან ბევრ ბალნეოლოგიურ კურორტზე არ არის შესაბაბამისი ინფრასტრუქტურა, რომლითაც შესაძლებელი იქნება ტურისტს უმასპინძლო.
უტიაშვილის განმარტებით, დღეს ქვეყანაში არსებული ბალნელოგიური კურორტებში ინვესტირებით ბევრია დაინტერესებული, თუმცა, როდესაც საქმე კონკრეტიკამდე დადის, აღნიშნულ ბიზნესში ფულის ჩადებას ყველა ერიდება.
როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე ახტალა ისევ სახელმწიფოს მართვაშია და ინვესტორი ჯერჯერობით არ გამოჩენილა. უტიაშვილის განმარტებით, განცხადებით, 2012-2013 წლებში კურორტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია ჩატარდა, თუმცა, მას შემდეგ არაფერი გაკეთებულა. როგორც უტიაშვილი აცხადებს, კურორტს მიუხედავად მოძველებული ინფრასტრქტურისა, სეზონზე (ივნის-ნოემბერი) დამსვენებელი მაინც ჰყავს. მათ შორის, ადგილობრივები, მეზობელი ქვეყნებიდან (რუსეთი, აზერბაიჯანი) , ისრაელიდან და ევროპიდან.
უტიაშვილის განცხადებით, შემუშავებულია კურორტის რეაბილიტაციის გეგმა, რომელიც ინვესტორის არსებობის შემთხვევაში უნდა განხორციელებულიყო.
„დაინტერესება არის, მოდიან და მიდიან, თუმცა, კონკრეტული არაფერია. უნდა გაკეთდეს კარგი სანატორიუმი, კარგი სასტუმროთი და სასადილოთი. სააბაზანოა საჭირო, ტალახის მიღება ავტომატიზირებულად უნდა იყოს, ასეთ კომპლექსში კი ვინც ფულს ჩადებს, აქამდე არ ჩანს. სახელმწიფო ცდილობს, მოჰყავთ ინვესტორები, თუმცა ძალით ხომ ვერავის ჩაადებინებ ფულს? "-აცხადებს უტიაშვილი. მისი შეფასებით, კურორტი „ახტალას" განვითარებისთვის დაახლოებით 8-10 მილიონი დოლარის ინვესტიციაა საჭირო.
მისივე თქმით, ახტალაში დასვენება 1 ადამიანზე, დღეში საშუალოდ 70 ლარი ჯდება. ამაში შედის სამჯერადი კვება, ტალახის პროცედურები, ფიზიოთერაპია.
როგორც ცნობილია, სს "ახტალა" საპრივატიზაციო ნუსხაში 2015 წლიდანაა. დღეს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ობიექტი პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ნუსხაშია შესული. ობიექტის 99.68 პროცენტიანი წილი 4 340 405 ლარად იყიდება.
სააგენტოს ინფორმაციით, ინვესტორი ვალდებულია მოაწყოს არანაკლებ 80 ნომრიანი სასტუმრო, შეინარჩუნოს სამედიცინო პროფილი და განახორციელოს 6 მილიონი ლარის ინვესტიცია.
გურჯაანში მდებარე სამკურნალო კურორტ „ახტალას" რეაბილიტაციის პროექტი 2012 წლის აპრილში, დაიწყო. მაშინ სამკურნალო და ტურისტული ცენტრის აღსადგენად მსოფლიო ბანკმა 3.5 მილიონი ლარი გამოყო. ახალ პარკში მოეწყო ველოტრასა და სარბენი ბილიკები, გაკეთდა საბავშვო გასართობი მოედანი, დამონტაჟდა დასასვენებელი კუთხეები და დაიდგა სავარჯიშო ტრენაჟორები.
„ახტალა" საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია. ახტალის ტალახით მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს.