პრემიუმ კლასის ღვინის მცირე მარნები მარკეტინგულ კამპანიაში აქტიურ ჩართვას მოითხოვენ
მცირე მარნების მფლობელები აცხადებენ, რომ საერთაშორისო გამოფენებში ვერ მონაწილეობენ, რის გამოც გლობალურ ბაზრებზე გასვლა უჭირთ. პრობლემა აქვთ პრემიუმ კლასის ღვინის მწარმოებლებსაც, რომელთა ინფორმაციითაც, დაფინანსების კომპონენტში თანამონაწილეობის ხარჯი 10 000 ევრომდეა, რის შესაძლებლობაც სექტორს რეალურად არ აქვს. როგორც ,,ხომლის მარნის“ მფლობელი, მეღვინე თამაზ ომანაძე ,,კომერსანტთან“ აცხადებს, ღვინის მარკეტინგში დიდძალი ფული იხარჯება და ამ დროს ქართული ღვინოების ცნობადობა მსოფლიოს წამყვან ბაზრებზე ძალიან დაბალ დონეზეა.
,,ჩვენ ვითხოვთ მცირე მარნების მხარდაჭერას მარკეტინგის მიმართულებით, რაც ცნობადობის ზრდასა და რეალიზაციაში დაგვეხმარება. საერთოდ გაუგებარია, რატომ ეძახიან ამ სეგმენტს ,,მცირე მარნებს“, რაოდენობით ხარისხი არ განისაზღვრება. სულ რამდენიმე ამ კატეგორიის მარანია საქართველოში, რომელიც ქართული ღვინის სახეს წარმოადგენს მსოფლიოში. ღვინის მარკეტინგში დიდძალი ფული იხარჯება და მსოფლიოს წამყვან ბაზრებზე თითქმის არავინ გვიცნობს. ღვინის ეროვნულ სააგენტოს უცხოურ კონტრაქტორ ორგანიზაციებთან აქვს ხელშეკრულებები დადებული, რომლებიც მარკეტინგს აკეთებენ, თითქმის 10 წელია, ერთსა და იმავე ორგანიზაციებთან თანამშრომლობენ, მაგრამ შედეგი არ ჩანს. პრობლემაა იმ მხრივაც, რომ ღვინის აღრიცხვა ხდება გატანით, მაგრამ რა გაიყიდა და რა შემოვიდა, ამაზე საერთოდ არ არის საუბარი, რაც ცუდი მიდგომაა. გატანა არ ნიშნავს, რომ გაიყიდა და პოპულარული გახდა. ამერიკის, იაპონიის და ევროპული ქვეყნების ბაზრებს ვგულისხმობ. ამის მიღწევა მარკეტინგული მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია. ეს უნდა იყოს პრიორიტეტული. რუსეთში შესვლის სურვილი არ მაქვს და არც არასდროს მიცდია“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ თამაზ ომანაძე.
მისი თქმით, ძირითადად მსხვილი ბიზნესის მარკეტინგზე მუშაობს მთავრობა, რომელიც ინდუსტრიულ ღვინოს აწარმოებს, ხოლო პრემიუმ პროდუქტის მწარმოებლებს ელემენტარული ხელშეწყობა არ აქვთ, როცა ქართული მეღვინეობა რეალურად ამ დარგზე დგას და წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ნიშას ქვეყნის გარეთ.
,,ჩვენ არც დახმარება, არც სუბსიდირება არ გვითხოვია, პრემიუმ კლასის ღვინოს ვაწარმოებთ, რაც განსაზღვრავს ქართული მეღვინეობის უმაღლეს სტანდარტს. მთავრობის მიერ გამოყოფილი მარკეტინგული თანხიდან უნდა მოხდეს ჩვენი წარდგენა ღვინის პრესტიჟულ ფესტივალებზე, სადაც წარვდგებით არა თანამონაწილეობით, არამედ სრული დაფინანსებით. ეს არის ის რესურსი, რომელიც უნდა მოხმარდეს ქართული ღვინის პოპულარიზაციას მსოფლიოში. იაპონიაში ჩემი ხარჯით, თანადაფინანსებით რომ წავიდე, ერთი მარნის ღირებულება ჯდება, რაც ალოგიკურია. ყველაფერი უნდა კეთდებოდეს, რომ პოტენციურ პარტნიორებთან მჭიდრო კავშირი დავამყაროთ. რთულ ეტაპს გავდივართ, ფაქტობრივად ბრძოლა მიდის ქართული მეღვინეობის გადასარჩენად. ქვეყნიდან მილიონობით ბოთლი ღვინო გადის, მაგრამ კომპანიები ან ვერ ყიდიან პროდუქტს ან წინასწარ არ აქვთ თანხა გადახდილი და დაგვიანებით ურიცხავენ გაყიდული ღვინის საფასურს, განსაკუთრებით დიდ ბაზრებზეა ეს პრობლემა. ყველა მასშტაბურ გამოფენაზე ისევ მსხვილი მწარმოებლები მიდიან. ამ დროს ვიზასაც ვერ გვიკეთებს სახელმწიფო ამერიკაში, ჩვენი ინტერესები საერთოდ იგნორირებულია“, - აცხადებს თამაზ ომანაძე.
მისი თქმით, 2020 წლიდან ღვინის ექსპორტზე დიდი პრობლემა შექმნა პანდემიამ, ახლა ფინანსურმა კრიზისმა გადაზიდვები ჩიხში შეიყვანა, უკრაინის ომი ბოლო წერტილი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ მარკეტინგული ღონისძიებების თანადაფინანსების პროგრამა ითვალისწინებს თანადაფინანსებას ყველა იმ ბაზარზე, სადაც ქართული ღვინო გავა, გარდა დსთ-სა და საქართველოსი.
პროგრამის მიზანია, საექსპორტო გაყიდვების წახალისება და გაზრდა, მათ შორის ახალ ბაზრებზე.
commersant.ge