ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მევენახეებს ქართული ვაზის ნერგების შეძენა ევროპაში უწევთ
11 მაისი, 2022

საქართველოში, რომელიც ,,ღვინის აკვნად“ არის აღიარებული,  ყურძნის სერტიფიცირებული სანერგე მეურნეობის  არ  არსებობს.  ქართველი მევენახეები  ნერგებს  უმეტესად ევროპულ ქვეყნებში ყიდულობენ. მიუხედავად იმისა, რომ ყურძნის ნერგის ყიდვა არასერტიფიცირებულ მცირე სანერგეებში შესაძლებელია,  მათ მიმართ ნაკლები ნდობაა  და მევენახეებისთვის გარკვეულ რისკსაც შეიცავს, განსაკუთრებით ხარისხისა და ჯიშების აღრევის კუთხით, რის გამოც ნერგებს ძირითადად ქვეყნის გარეთ ყიდულობენ.

,,იაგოს ღვინო“–ს  დამფუძნებელი, ცნობილი მეღვინე იაგო ბიტარიშვილი წარმოებას ზრდის, რის გამოც ქართული ჯიშის ყურძნის ნერგები ,,ჩინური“ და ,,მანავის მწვანე“ იტალიაში შეუკვეთა.    

როგორც ქართველი მეღვინე ,,კომერსანტთან“ ამბობს, საქართველოში 2024 წლამდე არ იარსებებს არც ერთი სერტიფიცირებული სანერგე. ეს თეორიულად, ხოლო პრაქტიკულად, საქმის სირთულიდან გამომდინარე, შესაძლოა ამ ვადაშიც ვერ მოესწროს. არსებული ნერგები კი, რაც დღესდღეობით გაყიდვაშია, მაღალ ხარისხს და ჯიშის სიწმინდეების დაცვას ვერ უზრუნველყოფს. გარდა ამისა,  სერტიფიცირებული ნერგი თავისუფალია ვაზის ვირუსული და ბაქტერიული დაავადებებისგან, ასეთი ნერგით გაშენებული ვენახი 2-ჯერ მეტ ხანს არის ექსპლუატაციაში და მოსავალსაც მეტს იძლევა.

,,აუცილებელია საფუძვლიანი შესწავლა,  რომელი ნიადაგისთვის რომელი საძირე იქნება უკეთესი, თანამედროვე გაშენების სისტემა ითვალისწინებს მეტი ნერგის გაშენებას 1 ჰექტარზე ვიდრე ეს კომუნისტების პერიოდში იყო შესაძლებელი. ევროპული სტანდარტი ნიშნავს ასევე გახარების მეტ პროცენტულ დონეს, ვიდრე დღესდღეობითაა. აუცილებელი პირობაა, რომ ნერგი იყოს უვირუსო. ამ ყველაფრის დაცვა საკმაოდ სოლიდურ ინვესტიციას მოითხოვს, მეტ ტექნიკურ  აღჭურვილობას საჭიროებს. ასეთ სანერგეებს კარანტინის სისტემა და ბუფერული ზონები უნდა ჰქონდეთ, რაც ჯერჯერობით არ გვაქვს საქართველოში. ქართული სავენახე ჯიშები საზღვარგარეთიდან შემოვიტანეთ, რადგან აქ ჭირდა შოვნა. იმედია, არსებულ სანერგეები დროთა განმავლობაში მოეწყობა ისე, რომ სერტიფიცირებული გახდნენ და ჩვენც ადგილზე შევძლოთ ყიდვა, რომ ქართული ნერგის იმპორტი არ გვჭირდებოდეს.  თუ გაიწელება ეს საკითხი, ძირითადი შეკვეთა გადავა ევროპულ სანერგეზე, რაც არცთუ ისე სახარბიელო იქნება ჩვენი მევენახეებისთვის“, - ამბობს იაგო ბიტარიშვილი.

რაც შეეხება ნერგების რაოდენობას ჰექტარზე, მეღვინე განმარტავს, რომ დამოკიდებულია ვაზის ჯიშზე, კლიმატსა და ადგილმდებარეობაზე.

,,ადრე, საბჭოთა სტანდარტით, შეიძლებოდა 3000 ნერგის ჩაყრა, მაგრამ ევროპულ გამოცდილებით თუ ვიხელმძღვანელებთ, 1 ჰექტარზე  დაახლოებით 5 000-6 000 ნერგია გათვალისწინებული. ამასთან, ევროპული სანერგიდან წამოღებული ნერგის პროცენტული გახარება მეტია. რაც შეეხება ფასს,  ადგილობრივ ბაზარზე ნერგის საფასურს მოთხოვნა-მიწოდება განსაზღვრავს. გაცილებით მეტია კახური ჯიშები, ქართლის და დასავლეთის სავენახე ჯიშები ნაკლებად მოთხოვნადი იყო აქამდე და ნერგებზეც შეიმჩნევა პრობლემა, განსაკუთრებით ხარისხთან დაკავშირებით. თუმცა მიწოდება ნიშნავს ფასსაც. კახეთში თუ 2 ლარად იყიდება  ნერგი, დასავლეთში შეიძლება 5 ლარიც ღირდეს. ფასი და მიწოდება ჯერ კიდევ დაუბალანსებელია“, - ამბობს მეღვინე.

მისივე ინფორმაციით, ქართული ვაზის ნერგის ფასი იტალიაში დაახლოებით 6 ლარის ფარგლებშია.

როგორც იაგო ბიტარიშვილი აღნიშნავს, ვაზის სანერგე მიმართულება შეიძლება გახდეს მომგებიანი ბიზნესი, მაგრამ იმისთვის, რომ შესაბამის სტანდარტში მოვიდეს, მთავრობის მხარდაჭერაც დასჭირდება.

ცნობისთვის, დღეისათვის ვაზის ნერგების ეკოლოგიურად სუფთა წარმოება კულტივირებულია მსოფლიოს 100 ქვეყანაში, ხოლო ეკოლოგიურად სუფთა მიწები, ჩვენი პლანეტის 24 მლნ. ჰა-ს შეადგენენ. ნიადაგის ეკოლოგიური მოთხოვნების შესაბამისად დამუშავებაში ლიდერობს ავსტრალია - 10 მლნ. ჰა-თი; ლათინურ ამერიკას ეკუთვნის 5,8 მლნ. ჰა;ევროპას - 5,5 მლნ. ჰა; ჩრდილოეთ ამერიკა - 1,5 მლნ. ჰა.

commersant.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.