მეღვინეების სოლიდარობა დავით საგანელიძეს – “ბოლო 2 წელიწადია, ტრადიციულ ბაზრებზე ხარისხის ხარჯზე ფასებით „ჭიდაობა“ შეინიშნება“
„მთავარია, ჩვენ შევთანხმდეთ სწორ ფასზე, რადგან წარმატებას ვერც იაფად გაყიდული ღვინო მოგვიტანს და ვერც ძვირად გაყიდული,“ — ასე ეხმაურებიან ღვინის მწარმოებლები საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელ დავით საგანელიძეს, რომელმაც ქართველ მეღვინეებს ჩინურ ბაზარზე მუშაობის სტრატეგია დაუწუნა.
რეალურად, რა პრობლემებს აწყდება ქართული ღვინო ჩინეთის ბაზარზე, დგას თუ არა ღვინის ხარისხის პრობლემა და აქვთ თუ არა სწორი სტრატეგია, რომლითაც საერთაშორისო ბაზარზე, მათ შორის, ჩინეთში უნდა ოპერირებდნენ?
ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლიიაშვილი „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ის დავით საგანელიძის მიერ გაკეთებული განცხადების აბსოლუტურად სოლიდარულია. მისი თქმით, ეს პრობლემა დგას და სამწუხაროდ, ის მხოლოდ ჩინეთის ბაზარს არ ეხება. ბოლო 2 წელიწადია, ასე ვთქვათ, ფასებით „ჭიდაობა“განსაკუთრებით ტრადიციულ ბაზრებზე შეინიშნება, ოღონდ ეს ხარისხის სერიოზული გაუარესების ხარჯზე ხდება.
„აღარ დავკონკრეტდები, რის ხარჯზე დგინდება ასეთი დაბალი ფასები. დარგი ნელ-ნელა მიიწევდა იმ მიმართულებით, რომ ქართული ღვინო, მოთხოვნიდან გამომდინარე, მაღალფასიან სეგმენტში გადასულიყო. როგორც ჩანს, ბაზრის ყველა მონაწილეს არ ესმის საკითხი. პირობითად, ჩემი კომპანიის სტრატეგიაა, რომ გავყიდო 10 მილიონი ბოთლი 10 აშშ დოლარად. თუმცა, არიან კომპანიები, რომლებიც პირიქით ფიქრობენ -10 მილიონი ბოთლის გაყიდვა უნდათ 1 აშშ დოლარად. ეს ორი სტრატეგია ერთმანეთში არ თავსდება. 10 მილიონი ბოთლის გაყიდვა 1 დოლარად აბსოლუტურად არ შედის ღვინის ინდუსტრიის ინტერესებში. ეს მარტო ჩინეთს არ ეხება. ფასებით კონკურენციას ჩვენ ვერ გავუწევთ ისეთ მწარმოებლებს, როგორიცაა ესპანეთი, მოლდოვა. იქ სულ სხვა ჯიშებია, მოსავლიანობა სულ სხვაა.
ჩვენ საფერავი მოგვდის 7-9 ტონა 1 ჰექტარზე, იმათი ყურძენი კი 1 ჰექტარზე 20-25 ტონა მოდის. ისინი სხვა საფასო სეგმენტში არიან, ჩვენ – სხვაში. ჩვენი სახელმწიფო ძალიან დიდ ენერგიას და ფულს დებს იმაში, რომ ღვინის ინდუსტრია წინ წავიდეს: პრომოუტერებს ქირაობს, უცხოელები ჩამოჰყავთ. ასეთ დროს, ბაზრის რამდენიმე მონაწილე, გაუგებარი და გაუგონარი სტრატეგიის გამო, მეტი რომ გაყიდოს, ქართულ ღვინოს საერთაშორისო დონეზე ჩრდილს აყენებს. როგორც ვატყობ, ეს სერიოზულ პრობლემად იქცევა,“ — აცხადებს იაშვილი.
კითხვაზე — შექმნილ ვითარებაში სახელმწიფოა პასუხისმგებელი ხარისხის კონტროლზე, თუ ეს მხოლოდ კერძო სექტორის (ბიზნესეთიკიდან გამომდინარე) პრეროგატივაა? — იაშვილი განმარტავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხარისხის კონტროლი ერთადერთი გამოსავალია, რომელსაც სახელმწიფო უნდა ახორციელებდეს. იაშვილის განმარტებით, ეს სახელმწიფოს ვადლებულებაა. თუმცა, როგორც ჩანს, ღვინის ეროვნული სააგენტო ბოლო 2 წელია ამ მიმართულებით მოდუნდა, რაც ინდუსტრიაზე აისახა.
ღვინის მწარმოებელი კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ მთავარი მეღვინე ვლადიმერ კუბლაშვილი განმარტავს, რომ მსგავსი პრობლემა რეალურად არსებობს, თუმცა, მას ძირითადად ბაზარზე ახალდაფუძნებული კომპანიები ქმნიან. დარგის ფლაგმანი ქართველი მეღვინეებისგან მსგავს შემთხვევას ადგილი არ აქვს. „ვეთანხმები ბატონ დავით საგანელიძეს. ახალი კომპანიები ბაზარზე თავის დამკვიდრებას დაბალი ფასებით ცდილობენ, რაც სწორი არ არის. ასეთი თამაში ქართულ ღვინოს, განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე, არ წაადგება,“ — აღნიშნავს კუბლაშვილი.
შეკითხვაზე — დააზიანებს თუ არა მსგავსი შემთხვევები ქართული ღვინის იმიჯს საერთაშორისო ბაზარზე? — კუბლაშვილი განმარტავს, რომ ასეთ შედეგი არ დადგება, თუმცა, ის წარმატება, რაც, პირობითად, 1 წელიწადში უნდა დამდგარიყო, დროში გაჭიანურდება.
როგორც კუბლაშვილი განმარტავს, ამის მოგვარება კერძო სექტორის პასუხისმგებლობაა, რადგან სახელმწიფო ვერავის უკარნახებს, მის მიერ შექმნილი პროდუქტი რა ფასად გაყიდოს. „მთავარია ჩვენ შევთანხმდეთ სწორ ფასზე. წარმატებას სწორ ფასში გაყიდული ღვინო მოგვიტანს,“ -აღნიშნავს კუბლაშვილი.
რაც შეეხება ხარისხის კოტროლს, ამას სახელმწიფო ამომწურავად აკეთებს. კუბლაშვილის განმარტებით, ხელისუფლება ამ მიმართულებით ახალ მექანიზმებზე მუშაობს, რაც კიდევ უფრო გამჭირვალეს გახდის პროცესს.
„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელ დავით საგანელიძის განცხადებით, ღვინის მწარმოებლები ექსპორტის დროს ერთმანეთთან საფასო კონკურენციაში შედიან და ღვინის ფასს დაბლა სწევენ, რაც, მისი თქმით, არასწორია.
,,ჩვენი ორიენტირი უნდა იყოს საშუალო და მაღალფასიანი სეგმენტი. სამწუხაროდ, დღეს პირიქით ხდება და ამას მომავალში ვეღარ გამოვასწორებთ. ჩვენი სეგმენტი უნდა იყოს მაღალი და მინდა, ეს კარგად გაიგოს ყველა ღვინის მწარმოებელმა. ფასთა კონკურენციით კი არ უნდა იჭიდაონ ჩინურ ბაზარზე შესვლისას, არამედ პირიქით – მაღალხარისხიანი პროდუქციითა და ბაზრების მოძიების თემით,“ – განაცხადა საგანელიძემ.
commersant.ge