ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„მეღვინეობა π“ - ღვინის მწარმოებელი სტარტაპის გეგმები
09 სექტემბერი, 2021

სტარტაპკომპანია „მეღვინეობა პი“ პანდემიის პერიოდში დაფუძნდა და მევენახეობა - მეღვინეობის დარგში წლების განმავლობაში ნაგროვები გამოცდილება ომარაშვილების ოჯახმა 60 000 ლარის ინვესტირებით ბიზნესად აქცია.

კომპანია დღეს კახეთში წინანდლის მიკროზონაში 15 წლის საფერავისა და 40 წლის რქაწითელის ვენახებს და თბილისში ამოქმედებულ მცირე საწარმოსა და მარანს ფლობს, სადაც 2 200-მდე ბოთლ ღვინოს აწარმოებს. BM.GE-სთან საუბრისას „მეღვინეობა პის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი თეონა ომარაშვილი ამბობს, რომ მათთვის მთავარი ხარისხია, რომლითაც ისინი ბაზარზე პოზიციონირებას აპირებენ.

„საფერავის ვენახიდან პირველი ღვინო ჩვენი ბრენდის ქვეშ გასულ წელს დავწურეთ. ჩვენი ვენახი 10 ტონამდე ისხამს, მაგრამ სრულად არ აგვითვისებია და მხოლოდ 3 ტონა გადავამუშავეთ, საიდანაც 2 200 ბოთლი ღვინო ვაწარმოეთ. ჩვენი ღვინო ადგილობრივ ბაზარზე, ძირითადად, მსხვილ ღვინის მაღაზიებში „8 000 მოსავალში“, „ღვინის ბიბლიოთეკასა“ და „ფუდ ენდ მარკეტში“ მაისიდან იყიდება. სარეალიზაციო ფასი კი 40-50 ლარია“, - ამბობს თეობა ომარაშვილი.

„მეღვინეობა პის“ დამფუძნებლები ამ შედეგებით არ კმაყოფილდებიან და დაარსებიდან 1 წლის შემდეგ წარმადობის ზრდას გეგმავენ.

„ეტაპობრივ განვითარებას და ჩვენი ვენახებიდან მიღებული მოსავლის სრულად ათვისებას ვგეგმავთ. მიმდინარე წელს წარმოება მცირე მოცულობით გაიზრდება და წელს უკვე საფერავის ყურძნიდან 3 000 ბოთლი ღვინის წარმოება იგეგმება. ვამატებთ 1 ტონა რქაწითელის წარმოებასაც, რისთვისაც წავკისში მცირე მარანს ვაწყობთ, სადაც იქნება ქვევრები, რომელშიც მხოლოდ ქარვისფერი, ე.წ. ამბერ ღვინოს დავაყენებთ. დაახლოებით 1 500 ბოთლამდე. გარდა ამისა, წელსვე 0.5 ტონა როზესაც გადავამუშავებთ და 600 ბოთლამდე ვაწარმოებთ“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.

ირკვევა, რომ „მეღვინეობა პისთვის“ მაღალი ხარისხის ღვინის ექსპორტზე გატანა პრიორიტეტული იქნება. თეონა ომარაშვილის თქმით, ამ დროისთვის საექსპორტო ბაზრებზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

„ექსპორტის კუთხით გააქტიურებას ისეთ ბაზრებზე ვგეგმავთ, სადაც „ჰენდმეიდ“ ღვინოებზეა მოთხოვნა, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი და ისრაელი. საექსპორტო ბაზრების მიმართულებით აქტივობა დაწყებული გვაქვს და ღვინის სააგენტოს მხარდაჭერით ღვინის ნიმუშებს ამ ბაზრებზე ვაგზავნით. კონკრეტულ ვადებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ამ კუთხით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

სამომავლოდ კი იაპონიის, ჰონ-კონგისა და სამხრეთ კორეის ბაზარზე შესვლასაც ვფიქრობთ, რადგან იქ ბუტიკურ ღვინოზე მაღალი მოთხოვნაა“, - უთხრა BM.GE-ის სტარტაპკომპანიის თანადამფუძნებელმა.

ცნობისთვის: „მეღვინეობა პის“ ღვინომ „საფერავი 2020“ გერმანიაში გამართულ საერთაშორისო კონკურს MUNDUS VINI 2021-ზე Grand Gold & Best of Show Georgia Red მედლები აიღო. ეს საერთაშორისო ბაზარზე კომპანიის პირველი წარმატებაა.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.