"მეღვინეობა-მევენახეობის აკვანი: საუკეთესო ღვინოები საქართველოდან", - სტატია გერმანულ გამოცემაში დაიბეჭდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, ღვინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გამომცემლობის „Falstaff “ ონლაინ და ბეჭდურ გამოცემებში სტატია სათაურით „მეღვინეობა-მევენახეობის აკვანი: საუკეთესო ღვინოები საქართველოდან“ დაიბეჭდა. სტატიაში საუბარია როგორც ქართული ღვინის კულტურის 8000-წლიან ისტორიაზე, ასევე, გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის სტაბილურად მზარდ გაყიდვებზე, ქვევრის ღვინოებზე და მაღალი ხარისხის ღვინის თანამედროვე ინდუსტრიაზე (იხ. ბმული: https://www.falstaff.com/en/news/cradle-of-viticulture-the-best-wines-from-georgia).
ამასთან ერთად, სტატიაში მოცემულია ინფორმაცია Falstaff-თან თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარე წლის ივნისში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული ქართული ღვინოების შესახებ. კონკურსის მიზანი საქართველოდან წარდგენილ ღვინოებს შორის საუკეთესოების შერჩევა და გერმანიის ბაზარზე პოპულარიზაცია იყო. ქართული ღვინის მწარმოებელი სხვადასხვა კომპანიის ქვევრისა და კლასიკური მეთოდით დაყენებული ღვინის 150 ნიმუშიდან საუკეთესო 70 ღვინო შეირჩა
„Falstaff“ წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სპეციალიზებულ გამოცემას გერმანიაში, ღვინის კომერციული სექტორისთვის, რომელიც სამიზნე აუდიტორიას ბაზრის სიახლეებსა და თანამედროვე მოთხოვნებს სთავაზობს.
ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო და მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება.
ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა. 2023 წლის 6 თვეში, საქართველოდან გერმანიაში 522 ათასამდე ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა 22%-ს შეადგენს.
Business-partner.ge