მეღვინეობა-მევენახეობით დაინტერესებულ სტუდენტებს მილანის უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ
ჯიღაურას მრავაწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების ექპერიმენტალურ ბაზას მილანის უნივერსიტეტის პროფესორები, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის პოტენციალის გაცნობის მიზნით, ეწვივნენ.
ექსპერტებმა ბაზაზე გაშენებული საკოლექციო ვენახი დაათვალიერეს და იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინო დააგემოვნეს.
მილანის უნივერსიტეტის პროფესეორების, მევენახეობისა და ენოლოგიის საერთაშორისო სამაგისტრო ხარისხის კომიტეტის წევრის ანტონიო ტირელის და პათოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის პიერო ატილიო ბიანკოს ვიზიტი, საქართველოს და იტალიას შორის გაფორმებული ერთობლივი საბაკალავრო პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში პროფესორებმა შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის და მევენახეობა-ენოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელებთან გამართეს. შეხვედრაზე უნივერისტეტის პროგრამებზე, სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობაზე იმსჯელეს.
პროექტი მევენახეობა-ენოლოგიის მიმართულებით უფასო საბაკალავრო ხარისხის მიღებას გულისხმობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში ერთი სემესტრი მილანის უნივერსიტეტში გაიარონ და სწავლის დასრულების შემდეგ ორმაგი დიპლომი მიიღონ.
სტუმრებმა ღვინის და კონიაკის ქარხნები და მარნებიც მოინახულეს.
www.travelingeorgia.ge