ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მეღვინეობა "შუმმა" ნედლი თაფლის წარმოება დაიწყო
24 იანვარი, 2024

,,შუმის“ არაალკოჰოლური პროდუქტების ჩამონათვალს თაფლი დაემატა. წარმოების მიზანი მეფუტკრეობის დარგის განვითარება და უცხოელი ტურისტებისთვის ქართული თაფლის გაცნობაა.

როგორც ,,შუმის“ განვითარების მენეჯერი ნინო ზარიძე ,,ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, თაფლი ,,ალაზნის ველი" დამზადებულია ქართული მთის რუხი ფუტკრის მიერ, რომელიც „შუმმა“ ალაზნის ველზე, ტყით გარემოცულ, საკუთარ  მამულებში მოაშენა.

,,ჩვენი კომპანიის მიერ წარმოებული თაფლი ქართულ ბაზარზე გამოირჩევა იმით, რომ ნედლი პროდუქტია, არ არის  დამუშავებული; შეიცავს ყვავილის მტვერს, რომელშიც დიდი რაოდენობითაა სასარგებლო და ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ნივთიერებები. თაფლი ქილებში ცივი დაწურვით ხვდება,  არ გადის არანაირ პასტერიზაციას, არ ცხელდება და  კვებითი ღირებული ნივთიერებები მაქსიმალურად შენარჩუნებულია. ჩვენი ამოცანა არ არის მასიური წარმოება, მიზნად დავისახეთ, გავაცნოთ ქართული პროდუქტი უცხოელებს, რომლებიც  ტურისტულ ადგილებს სტუმრობენ“, - განმარტავს  ნინო ზარიძე.

მისი ინფორმაციით, ,,ალაზნის ველის"  სახელწოდებით ,,შუმის“ მიერ წარმოებული თაფლი  უკვე ხელმისაწვდომია  წინანდალში, შუმის ტურისტულ კომპლექსსა  და თბილისში, შუმის ღვინის ბარში.

თაფლი ჩამოსხმულია იტალიური წარმოების ქილებში, რომელიც ,,შუმის“ დაკვეთით არის შექმნილი. პროდუქტი  მინის ქილებით იყიდება.  235 გრამი თაფლის ღირებულება 18 ლარს შეადგენს.

ცნობისთვის, ღვინის კომპანია „შუმის“  საქმიანობა 1997 წელს, ვენახების გაშენებით დაიწყო. 2001 წელს გაიხსნა ღვინის საწარმო და იმავე წელს კომპანიამ  პირველი მოსავალი მიიღო.

„შუმი“ თავისი პროდუქციის ექსპორტს 33-მდე ქვეყანაში ახორციელებს ღვინის კომპანია „შუმი“ მომხმარებელს სთავაზობს ალკოჰოლური და უალკოჰოლო პროდუქციის ფართო არჩევანს. მათ შორის, არის ისეთებიც, რომლებსაც ანალოგი არ მოეპოვებათ მთელ მსოფლიოში: „გენეზისი“, „ლაზარე“, „შობილი“, ქვევრის აისვაინი „ბარბალე“, „ზიგუ“, ჩურჩხელა „წინანდალი“, ყველი „ზიგუ“, ნაყინი „ზიგუ“ და სხვა. ზოგიერთი მათგანი პატენტით დაცულ ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.