ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„მეღვინეობა ხარება“ ისტორიული ძეგლი, ოცინდალეს წმ. გიორგის ეკლესიის რეაბილიტაციას დააფინანსებს
12 მარტი, 2018

კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ დაფინანსებით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფ. თაიაში XI საუკუნის ისტორიული ძეგლის ოცინდალეს წმინდა გიორგის ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდება. პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით ხორციელდება.

პროექტი ბაზილიკის ტიპის უგუმბათო ნაგებობაზე მინაშენის, ეკლესიის სახურავის, ეკლესიის ეზოში მდებარე კოშკის სახურავისა და გალავნის აღდგენა-რეაბილიტაცის ითვალისწინებს. ამ დროისთვის დასრულებულია ეკლესიის ეკვდერი. შირიმის ქვით აღდგა კედლების შიდა და გარე წყობები, შიდა თაღები, კამარა, ლავგარდანი; დაფერილი თუნუქის ახალი საფარით მოეწყო ეკვდერის სახურავი; მიმდინარეობს ეკვდერის იატაკის კირქვით მოპირკეთება, ეკლესიის გალავნის აღდგენა-რეაბილიტაცია კირქვითა და პოლიმერ-კირის ხსნარით.

დაფერილი თუნუქით მოეწყობა კარიბჭისა და ეკლესიის სახურავი და ეზოში მდებარე კოშკის სახურავი, ჭედური ელემენტებით მოეწყობა ეკლესიის ეკვდერის შესასვლელი რკინის კარი, რომელიც დამზადდა ცენტრალური შესასვლელი რკინის კარის შესაბამისად, რომელმაც ასწლეულების წინ XI საუკუნის დროინდელი ვაზისაგან დამზადებული მოხარატებული კარი შეცვალა (დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში).

ოცინდალეს წმინდა გიორგის ეკლესიის რეაბილიტაციას კომპანია „კლდეკარი” ახორციელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 140 000 ლარია.

საუკუნეების განმავლობაში ოცინდალეს წმ. გიორგის სახლობის ეკლესია უმიშვნელოვანესი სარწმუნოებრივი ცენტრი იყო, სადაც გიორგობის საეკლესიო დღესასწაულზე მოსახლეობა სამეგრელოს ყველა კუთხიდან იკრიბებოდა. XIXსაუკუნეში გამოქვეყნებული მასალის მიხედვით სოფ. თაიაშის ტაძარი თამარ მეფეს განუახლებია. XX საუკუნის დასაწყისში ოცინდალეში დედათა მონასტერი ფუნქციონირებდა. XX საუკუნეში ოცინდალეს ეკლესიას როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლს სახელმწიფო იცავდა.

მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე 30-მდე მღვიმეა გამოკვლეული, რომელთაგან ერთ-ერთი კავკასიის უდიდეს მღვიმეთა ნუსხაშია შეტანილი. ტაძრის რეაბილიტაცია უკანასკნელად XX საუკუნის 80-იანწლებში განხორციელდა, რომლის დროსაც მისი სამრეკლო შეკეთდა. 2012 წელს ოცინდალეს ეკლესიაში, სენაკიას დაჩხოროწყუს მიტროპოლიტის შიოს კურთხევით, მამათა მონასტერი დაფუძნდა.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.