ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მემკვიდრეობის სააგენტომ ტაო-კლარჯეთის ძეგლების რეაბილიტაციაში ჩართვის პირობა მიიღო
09 სექტემბერი, 2017

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე აცხადებს, რომ ანკარაში თურქეთის მხარესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა თურქეთში, ისტორიულ ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლების რეაბილიტაციის პროცესებს. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მიიღო პირობა, რომ ამ პროექტებში უშუალოდ იქნება ჩართული. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმება მაისში დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მიღწეულია. შესაბამისად, უახლოეს 15 დღეში შეჯერებული იქნება სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა. პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მივიღეთ დაპირება, რომ ამ სამუშაო ჯგუფის შექმნის შემდგომ გადმოგვეცემა ოშკის პროექტი გასაცნობად და ჩვენი რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება. ასევე, მოხდება იმ პრიორიტეტული ძეგლების შერჩევა, სადაც დავუშვათ პროექტი ჯერ არ არის მზად, მაგრამ მისი მომზადება უნდა დაიწყოს. სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, მაგალითად პარხალში, მისი პროექტიც გადმოგვეცემა. რაც შეეხება იშხანს, სამუშაოები აქ ბოლომდე არ არის დასრულებული. ახლა მზადდება არქეოლოგიური სამუშაოების პროექტი, რომელსაც ასევე, გავეცნობით. ასე რომ, ვფიქრობ, ძალიან შედეგიანი იყო ეს შეხვედრა“ - ამბობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი.

საქართველოს კულტურის სამინისტროს დელეგაცია თურქეთში 7 სექტემბერს გაემგზავრა. სამუშაო ვიზიტი ხვალ, 9 სექტემბერს დასრულდება. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და ქართველი სპეციალისტები არიან.

ოშკის ტაძარი 

ფოტო: გოგა ჩანადირი


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.