გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ,,მენაბდის მარანი“ წარმოების ზრდას გეგმავს. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ვახუშტი მენაბდე ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს“, ამ ეტაპზე დაწყებულია მუშაობა ახალი მარნის მშენებლობაზე, წარმოების მასშტაბის გაზრდა კი ეტაპობრივად იგეგმება.
მენაბდის ინფორმაციით, ამ ეტაპზე წლიური წარმოება 3000-მდე ბოთლია. სამომავლოდ ამ მაჩვენებლის, მინიმუმ, გასამმაგება იგეგმება.
,,ახალი მარნის მშენებლობას ვიწყებთ, რათა ღვინის წარმოება გავაფართოოთ. ველოდებით სამშენებლო ნებართვას, კიდევ რამდენიმე ისეთი დეტალია, რასაც ვაზუსტებთ და შემდეგ უკვე პროექტზე დავიწყებთ მუშაობას. ჩვენი გათვლით, გაფართოების გეგმის განსახორციელებლად სამი წელი დაგვჭირდება, მომავალ წელს ჩვეულებრივ გავაგრძელებთ წარმოებას და შემდეგ უკვე გეზს წარმოების ზრდაზე ავიღებთ. ახლა მაქსიმალური მოცულობა 3000 ბოთლამდეა. წარმოებასთან ერთად გავზრდით ასორტიმენტს, აქცენტი განსაკუთრებით ვაზის ავთენტურ ჯიშებზე გვაქვს“, - - აცხადებს ვახუშტი მენაბდე.
რაც შეეხება ექსპორტთან დაკავშირებულ გეგმას, მისი თქმით, სწორება ევროკავშირის ბაზარზეა.
"ჩვენ ექსპორტი ბელგიაში გვაქვს, მოლაპარაკებები კიდევ მიდის ევროკავშირის ერთ ქვეყანასთან და ველოდებით, როგორ დასრულდება. არ გვაქვს ისეთი წარმოება, რომ ბევრ ქვეყანაზე გავიდეთ. ,,მენაბდის მარნის“ ძირითადი ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე, ღვინის ცნობილ მაღაზიებში იყიდება“, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი ‘’ბიზნესპარტნიორთან“.
‘’მენაბდის მარანი“ ყურძნის გურული საღვინე ჯიშების ჩხავერის, ცოლიკაურის და კაბისტონის ბიომეურნეობაა. წარმოება საშუალო და მაღალი სეგმენტისთვის არის გათვლილი.
ცნობისთვის, ‘’მენაბდის მარანი’’ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შრომაში 2016 წელს შეიქმნა. იგი მოიცავს 8 ნომრიან სასტუმროსა (ეთნოგრაფიულ სტილში გადაწყვეტილი) და 3.5 ჰა-მდე ფართობს. კომპლექსში ფუნქციონირებს რესტორანიც, რომელიც მხოლოდ სასტუმროს ვიზიტორებს ემსახურება.
„მენაბდის მარნის“ დამფუძნებელი განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობას ამ ეტაპზე ვერ ასახელებს.
bp.ge