ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"მენაბდის მარანი" მომავალ წელს გაფართოებას გეგმავს
18 ოქტომბერი, 2022

გურიაში არსებული „მენაბდის მარნის“  დამფუძნებელი ვახუშტი მენაბდე გაფართოების გეგმებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს. იგეგმება, როგორც მარნის (წარმოების), ისე სასტუმროს გაფართოება.

„ვფიქრობთ, როგორ წავა სიტუაცია, როგორი იქნება ღვინის გაყიდვები და რა აქტივობა გვექნება ტურიზმის ნაწილში. მარნის კომპონენტი ალბათ მომავალი წლისთვის განხორციელდება. გვინდა, უფრო მეტი ყურძნის გადამუშავება შევძლოთ და უკეთესი შენახვის პირობები შევქმნათ.

ასევე  უფრო გამართული იყოს ღვინის წარმოების და შენახვის პროცესი. რაც შეეხება სასტუმროს გაფართოებას, ამ კუთხით საბოლოო გადაწყვეტილებას მომავალ წელს მივიღებთ,“-აცხადებს მენაბდე.

„მენაბდის მარნის“ დამფუძნებელი განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობას ამ ეტაპზე ვერ ასახელებს. მისი ინფორმაციით, კალკულაციის პროცესი წლის ბოლოდან დაიწყება.

“მენაბდის მარანი” ყურძნის გურული საღვინე ჯიშების ჩხავერის, ცოლიკაურის და  და საკმიელას ბიო მეურნეობაა. მენაბდის მარანი მოიცავს 8 ნომრიან სასტუმროსა (ეთნოგრაფიულ სტილში გადაწყვეტილი) და 3.5 ჰა-მდე ფართობს. კომპლექსში ფუნქციონირებს რესტორანიც, რომელიც მხოლოდ სასტუმროს ვიზიტორებს ემსახურება.

„მარანში საკუთარი მოხმარებისთვის პურიც ცხვება. ვთვლი, რომ სასტუმრო, რომელსაც საკუთარი ღვინო და პური არ აქვს, ნაკლებად სერიოზულია,“-აცხადებს მენაბდე.

მისი ინფორმაციით,ღვინის წლიური წარმადობა 2 000 ბოთლამდეა.

კომპანიის მიერ წარმოებული ღვინო გარდა ადგილობრივი მოხმარებისა,  თბილისის 5 ღვინის მაღაზიაში იყიდება. წელს პირველად, „მენაბდის მარნის“ ბრენდის ღვინო ექსპორტზეც (ბელგია)  გავიდა.

2018 წლის ბოლოს ამოქმედებული სივრცე  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. შემოქმედში მდებარეობს.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.