მესტიაში ახალი სასტუმრო „ლაჰილი“ იხსნება. როგორც ჰოტელიერმა, მაია მურაჩაშვილმა bm.ge-ს უთხრა, 25–ნომრიანი ბუტიკ-სტილის სასტუმროს გახსნა 25 იანვარს იგეგმება და პირველი სტუმრების მიღებას თებერვალში გეგმავს. სასტუმროს ექნება ვერტმფრენის დასაჯდომი, ლაუნჯი და რესტორანი.
მისი თქმით, სასტუმროს გახსნა აგვისტოში იყო დაგეგმილი, თუმცა ლოქდაუნის გამო სამუშაოები შენელდა და ახლა უკვე მზად არის სტუმრები მიიღოს, შესაბამისად, გახსნაც გადაწყდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რეგულაციები მოიხსნება და როგორც გახსნის, ასევე სტუმრების მიღების შესაძლებლობა იქნება.
„თებერვალში ველოდებით გერმანია-ავსტრიის გაერთიანებული მოთხილამურეების ჯგუფებს. ისინი 4 თებერვლიდან გეგმავდნენ ჩამოსვლას, თუმცა პირდაპირ გვითხრეს, რომ გადაწყვეტილებებში არასტაბილური ქვეყანა ვართ, ამიტომ დაზუსტებით დაელოდებიან ფრენების გახსნას და ამის შემდეგ 20 თებერვლისთვის დაიგეგმება ჩამოსვლა. წლებია საქართველოში დადიან სათხილამუროდ და ახლაც აქ უნდათ ჩამოსვლა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ 15-20 იანვრისთვის გვექნება ზუსტი ინფორმაცია თებერვლიდან შეგვიძლია თუ არა სტუმრების მიღება და ამის შემდეგ პირველი მერცხალივით უცხოელი სტუმრების პირველი ნაკადი წამოვა მესტიისკენ. ესენი არიან ჰელისკის ჯგუფები და მათ არ სჭირდებათ საბაგიროები. თუკი სასტუმროს ფუნქციონირების საშუალება მოგვეცა, უპრობლემოდ მივიღებთ“, - განაცხადა მურაჩაშვილმა.
მას ამ ეტაპზე მთავრობასთან, ან ტურიზმის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია არ აქვს და იმედს გამოთქვამს, რომ დაბრკოლებები არ შეიქმნება.
„ჯერჯერობით არავისთან არ მაქვს კომუნიკაცია, რადგან ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ გვყავს, თუმცა მარიამ ქვრივიშვილთან შემიძლია ეს საკითხი ვიკითხო, მაგრამ მე მგონია, რომ ჯერ მთავრობა ამისთვის მზად არ არის, რაიმე პასუხი გაგვცეს. ალბათ 20 იანვრისთვის მაქსიმუმ, ველოდებით განახლებულ ინფორმაციას ამ საკითხზე“, - აღნიშნა მურაჩაშვილმა.
www.bm.ge