მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფ. ლენჯერში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების ლელა ჯაჯვანის კოშკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კოშკი ტრადიციული სვანური კოშკის ტიპიური ნიმუშია.
მიუხედავად დაზიანებებისა არ დაუკარგავს ფასეულობები კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით და იმსახურებს უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებას. მართკუთხა ფორმის კოშკი აშენებულია ნატეხი ქვით. დგას შემაღლებულ ფერდობზე. შემორჩენილია კოშკის ორი სართული და ცოკოლის ნაწილი.
სამხრეთით მეორე სართულის დონეზე გაჭრილია სწორკუთხა ფორმის კარი თარაზული გადახურვით, რომლის თავზეც გაკეთებულია ღია ლუნეტი. სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლებზე აქვს ქვის შვერილები. შემორჩენილი კედლების ყველაზე მაღალი ნაწილი დაახლოებით ათი მეტრი სიმაღლისაა, ხოლო ყველაზე დაბალი - ორ მეტრზე ცოტა მეტი. მოგვიანო პერიოდში კოშკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, პირველი სართულის დონეზე მიდგმულია ბლოკით ნაგები მინაშენი.
www.travelingeorgia.ge