ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მესტიაში სასტუმრო „ფოსტა“ გაფართოვდა - ინვესტიცია 5 მლნ ლარია
05 ივლისი, 2021

დღეს, მესტიაში მოქმედმა სასტუმრო „ფოსტამ“ ახალი ფილიალი გახსნა, რომლის საინვესტიციო ღირებულება 5 მლნ ლარია.

ახალ სასტუმროში წარმოდგენილია 33 ნომერი, აქედან 2 - შშმ პირებზე მორგებული, საცურაო აუზი, ფინური საუნები, საბავშვო ცენტრი, ღია და დახურული ტიპის ტერასები, ბარი და სამზარეულო - ამ სერვისებით სარგებლობას დამსვენებელი „ფოსტის“ ახალ შენობაში შეძლებს. „სასტუმრო „ფოსტა“ მესტიაში პირველი სასტუმროა, რომელსაც საკუთარი აუზი და სპა ცენტრი აქვს“, - აღნიშნავს სასტუმროს გენერალური მენეჯერი ელისო მარგიანი.



BM.GE-სთან საუბრისას ელისო მარგიანი ამბობს, რომ ახალი შენობა მესტიის ცენტრში, ძველი სასტუმროს შენობის გვერდით მდებარეობს. „ამ ფინანსური რესურსის მობილიზება საქართველოს ბანკის დახმარებით შევძელით, ხოლო ინვესტიციის 15% EBRD-ის თანადაფინანსებაა. აღნიშნული ინვესტიციის შედეგად სასტუმროს მენეჯმენტმა დასაქმებულთა რაოდენობა 35-მდე გაზარდა, რომლის 90% ადგილობრივები არიან“, - უთხრა BM.GE-ის სასტუმროს მენეჯერმა.



ელისო მარგიანი აღნიშნავს, რომ სასტუმროში მიმართვიანობა მაღალია და დამსვენებელთა 40% ადგილობრივი, ხოლო 60% - უცხოელი ტურისტები არიან.

„აშშ, ისრაელი, უკრაინა, თურქეთი და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან დამსვენებლები აქტიურად გვსტუმრობენ. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს უცხოურ ტურისტულ კომპანიებთან. გაფართოების შემდეგ სასტუმროში 53 ნომერია და სასტუმროს დატვირთვა 40%-დან 90%-მდეა, მაშინ როდესაც მაისსა და ივნისში შეზღუდვების გამო, ჯავშნები არ კეთდებოდა. ივლისსა და აგვისტოში მაღალ დატვირთვას ველით“, - განმარტა ელისო მარგიანმა.



სასტუმროში განთავსების ღირებულება სტანდარტული ნომრის შემთხვევაში 300 ლარიდან იწყება, ხოლო ყველაზე მაღალი სტანდარტის ნომრის ღირებულება 450 ლარია. ღირებულებაში შედის საუზმე, დღგ, აუზი და ფინური საუნა. სასტუმროს მენეჯერი აღნიშნავს, რომ "ფოსტა" ინფრასტრუქტურულად სრულად გამართულია და მაღალ სტანდარტებს პასუხობს. სასტუმროს ყველა სივრციდან კი სვანეთის და კავკასიონის ქედების და ასევე სვანური კოშკების ხედები იშლება. 

ცნობისთვის, სასტუმრო „ფოსტა“ გაფართოებას ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში გეგმავდა.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.