მესტიაში სასტუმრო „ლაჰილი“ 8 მარტიდან გაიხსნება - "გერმანიიდან და შვეიცარიიდან გვაქვს ჯავშნები"
სასტუმროები „ლაჰილისა“ და „გუდაური ლოფტის“ მმართველი მაია მურაჩაშვილი, მთის კურორტებზე სასტუმროების 25 თებერვლიდან ამოქმედებას დადებითად აფასებს: „პოზიტიურად ვარ განწყობილი იმიტომ, რომ ხვალიდან მოგვცეს გახსნის უფლება“.
როგორც BM.GE-სთან საუბრისას სასტუმროების ხელმძღვანელი ამბობს, მიუხედავად შეზღუდვის მოხსნისა, მესტიაში სასტუმრო საბაგიროების ამოქმედების თარიღისთვის - 8 მარტისთვის გაიხსნება, ხოლო გუდაურის შემთხვევაში გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
„მართალია საბაგიროების გახსნა ცოტა ადრეც შეიძლებოდა, მაგალითად 1 მარტს, მაგრამ სასტუმროებსაც გვჭირდება მომზადება, რეგულაციების გავლა. სასტუმროს გახსნას 8 მარტისთვის ვგეგმავთ და ამ პერიოდს გამოვიყენებთ, იმისთვის რომ წესების სრული დაცვით გავიხსნათ. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა ეს ყველაფერი თებერვალში დაწყებულიყო და დაანონსებულიყო, მაგრამ ახლაც შეიძლება მოვასწროთ, რადგან თოვლიანი ამინდი ხელს გვიწყობს. მესმის რომ ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები არ იძლეოდა წინასწარი გადაწყვეტილებების მიღებისა და სექტორის გაფრთხილების საშუალებას და ამიტომ ფორს-მაჟორში გვიწევს მომზადება, თუმცა ამასაც მივეჩვიეთ. ვფიქრობ, რომ 1-1.5 თვეს მესტია რაღაცნაირად გამოიყენებს“, - აღნიშნა მურაჩაშვილმა.
მისი თქმით, საბაგიროების დაანონსებული ჩართვის თარიღისთვის სასტუმროს უკვე მიღებული აქვს ჯავშნები, რომელიც 1.5 თვეზეა გაწერილი.
„გერმანიიდან და შვეიცარიიდან გვაქვს მაღალმხარჯველი ტურისტული ჯგუფების ჯავშნები, რომელთა შემადგებლობა 20-25 ადამიანამდეა და ისინი ერთ კვირას დაჰყოფენ მესტიაში“, - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.
ბუტიკური სტილის სასტუმრო „ლაჰილში“ საწყის ეტაპზე 18-20 ადამიანი იქნება. რაც შეეხება "გუდაური ლოფტს", მენეჯმენტი ამ ეტაპზე მსჯელობს, შეძლებს თუ არა სასტუმრო გახსნას, რადგან სასტუმროს საოპერაციო ხარჯები დიდია. „გადაწყვეტილებას მისი გახნის შესახებ რამდენიმე დღეში მივიღებთ“, - უთხრა BM.GE-ს მაია მურაჩაშვილმა.
bm.ge