მესტიაში სასტუმრო “ბაპშას” მფლობელის თამარ ნიგურიანის განცხადებით, დასახლებაში სატრანსპორტო სისტემა და ტურისტული რუკები მოსაწესრიგებელია.
როგორც მან BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, ტრანსპორტი მესტიისა და მისი მიმდებარე სოფლების უკეთ დასაკავშირებლად არის საჭირო.
“ჩვენ, მესტია ძალიან დატვირულები ვართ და იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი სასტუმრო შეიქმნა, ბევრი თანამშრომელი გვჭირდება. არიან გვერდით სოფლებიდან მაცხოვრებლები, რომლებიც აქ სიამოვნებით ივლიდნენ, იმუშავებდნენ, მაგრამ ტრანსპორტირების პრობლემებია. იგივე პრობლემა აქვთ ტურისტებსაც. ასევე, მეტი რუკა და კარგად აღწერილი გზებია საჭირო”, – განმარტა თამარ ნიგურიანმა.
რაც შეეხება ტურისტულ სეზონზე დატვირთვას, როგორც “ბაპშას” მფლობელი აღნიშნავს, მის მუშაობაზე რუსული ავიასანქციები არ აისახა.
“ჩვენი ტურიზმი გახსნილია გლობალურად და ეს ნაკადი, რომელიც ევროპიდან მოდის, არ უნდა შევაჩეროთ. პირადად ჩვენს სასტუმროს, არ უგრძვნია არანაირი სანქციები. ერთადერთი, რაც ჩვენ ვიგრძენით იყო ის, რომ როდესაც ეს თემა წამოტივტივდა და თბილისში იყო არასასიამოვნო სიტუცია, იმ ხალხს, რომელიც უკვე აქ იყო, სურათებს მოკრეს თვალი და გაუჩნდათ კითხვა, რა ხდება ქვეყანაში, თორემ ტურისტის ნაკლებობა ნამდვილად არ გვიგრძვნია. არც ის ყოფილა, რომ გვქონდა ჯავშანი და გაგვიუქმდა.
ძირითადად, ევროპელები ჩამოსვლამდე თუ გვწერენ, აინტერესებთ ამინდები, თორემ არავის უკითხავს, როგორია პოლიტიკური მდგომარეობა, ან არის, თუ არა არეულობა”, – განაცხადა თამარ ნიგურიანმა.