მესხური ღვინის გემო არცერთ სხვა ღვინის გემოს არ ჰგავს" - ახალგაზრდა, რომელმაც მესხურ ღვინოს ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალგაზრდა მეღვინემ, გიორგი ნათენაძემ მამასთან ერთად, 15 წლის განმავლობაში 24-მდე მესხური ყურძნის ჯიშს მიაკვლია და მათგან 11 სახეობის ღვინოს აწარმოებს. როგორც ნათენაძემ რადიო „კომერსანტის" გადაცემაში „My Rest" აღნიშნა, პარტნიორებთან ერთად, მესხური ტერასების აღდგენა-რეაბილიტაცია მოახდინა და 12 ჰექტარზე უკვე მესხური ვაზის სხვადასხვა ჯიშებია გაშენებული.
„მამაჩემმა შემომთავაზა, რომ მესხური ვაზის ჯიშის ძიება დაგვეწყო, რადგან მესხურ ჯიშებზე არაერთი ლეგენდა არსებობს. სამწუხაროდ, ოსმალების გაბატონების შემდეგ, სამცხე-ჯავახეთსა და მესხეთში ღვინის ისტორია და კულტურა შეწყდა. ასე დავიწყეთ რეგიონებში ამ ნიმუშების მოკვლევა. დაახლოებით15 წლიანი მუშაობის შედეგად უკვე 24 მესხურ ჯიშს მოვუყარე თავი. ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე გადავდივარ ხოლმე და ჯიშებს იქაც ვაგროვებ. სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან და მის დირექტორთან ლევან უჯმაჯურიძესთან მრავალი წელია ვთანამშრომლობ. რასაც აღმოვაჩენ, გამოსაკვლევად ამ ცენტრში მიმაქვს. თუ სახელი არ ჰქვია, კლასიფიკაციას ვაძლევთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 24 მესხური ჯიში უკვე იდენტიფიცირებულია.
ეს ჯიშები მცირედ არის შემორჩენილი და აქედან ღვინის დამზადება მხოლოდ 11 სახეობის მესხური ჯიშისგან ხდება. 2500 ბოთლის ღვინოს ვაწარმოებთ, რაც ძალიან მცირეა. თუმცა ეს რაოდენობები იზრდება, რადგან ჩემს პარტნიორებთან - მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად, ისტორიული მესხური ტერასები აღვადგინე. 32 ჰექტარიდან 12 ჰექტარია აღდგენილი", - აღნიშნა ნათენაძემ.
მისი თქმით, ტერასებზე მიღებული მოსავალი ჩვეულებრივი მიწიდან მიღებულ მოსავალზე მეტად ხარისხიანია და სწორედ ამიტომ არის მესხური ღვინის გემო განსხვავებული.
„ზოგადად მსოფლიოში აღიარებულია, რომ ტერასებზე მოყვანილი ყურძენი უფრო მაღალი ხარისხის არის. მესხეთში ტერასები საუკუნეების წინ მთის კალთებზე იმიტომ გაკეთდა, რომ მესხეთი მცირე მიწიანი ადგილია. ჩვენი ტერასების ქვა ბაზალტის შემცველობის არის და სითბოს საკმაოდ დიდხანს ინახავს. დღის განმავლობაში მიღებული სითბო ვეგეტაციის პერიოდში ღამეც ნაწილდება. მესხეთში, სხვა რეგიონებთან შედარებით, ვეგეტაციის პერიოდი ძალიან ხანმოკლეა და ტერასული მევენახეობა ამაში ხელს ძალიან გვიწყობს, რომ მაქსიმალურად დამწიფებული ყურძენი მივიღოთ. როდესაც ჩემი ღვინო ექსპორტზე ან საზღვარგარეთ სხვადასხვა ფესტივალზე გამაქვს, სომელიეები და დეგუსტატორები მას მაღალ დონეზე აფასებენ. მესხურ ღვინოზე სტატიები პრესაშიც იბეჭდება. მისი გემო არცერთი სხვა ღვინის გემოს არ ჰგავს და ამიტომ იწევს უცხოელ სომელიეებში ძალიან დიდ ინტერესს", - განაცხადა გიორგი ნათენაძემ.
მისივე თქმით, მესხური ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდი შემორჩენილი არ არის: „დღეს, მესხეთში ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდი შემორჩენილი არ არის. ვიცით, რომ ღვინო ქვევრში ყენდებოდა, მაგრამ კონკრეტული მეთოდები მოძიებული არაა. არსებობს ვარაუდები. ამ ვარაუდების მიხედვით, ექსპერიმენტებს ვაკეთებთ და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს".
რაც შეეხება მესხური ღვინის კონკურენტუნარიანობას სხვა ჯიშის ქართულ ღვინოებთან შედარებით, როგორც ახალგაზრდა მეღვინე აღნიშნავს, ჯერჯერობით მცირე რაოდენობის ღვინოს აწარმოებს და კონკურენციაზე საუბარი ადრეა.
„ჯერჯერობით კონკურენციაზე საუბარი ზედმეტია. იმდენად მცირე რაოდენობას ვაწარმოებთ, რომ ბაზარზე მრავლად ვერ გავიტანთ. თუმცა მოთხოვნა დიდია და სულ მირეკავენ. მე უბრალოდ ჩემს ღვინოს სხვადასხვა მაღაზიებს და კვების ობიექტებს ვერ ვაძლევ ან თუ ვაძლევ მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში და ფესტივალებზე, რომ მეტი პოპულარობა მოიპოვოს. არ მინდა ჩემი ღვინო ერთ დღეში გაიყიდოს. მინდა ბევრ ქვეყანაში გავიტანო", - განაცხადა ნათენაძემ.
მისივე თქმით, ღვინო ექსპორტზე უკვე შვიდ ქვეყანაში გააქვს და სამომავლოდ, არეალის გაფართოებას გეგმავს: „ღვინო მცირე რაოდენობებით, მაგრამ მაინც გამაქვს შვიდ ქვეყანაში, მათ შორის შვეიცარიაში, გერმანიაში, საფრანგეთში. ცოტა რაოდენობით ინგლისშიც გავიტანე. მიმდინარე წელს აშშ-ში, კერძოდ, ნიუ-იორკში, კალიფორნიასა და ვაშინგტონშიც გავიტან. ორ-სამ წელიწადში კი, შეიძლება 30 00 ბოთლი ღვინო ჩამოვასხათ, რომლითაც საქართველოს მთელ ბაზარს მოვიცავთ და ექსპორტზეც გავიტანთ".
ავტორ(ებ)ი: კომერსანტი