ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„მესხური ტაბლა“ - ტრადიციული მესხური კერძების რეცეპტების კრებული გამოვიდა
02 აგვისტო, 2018

გასტრონომია ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი მიმართულებაა. საქართველოს ყველა რეგიონს მისთვის დამახასიათებელი კულინარია აქვს და უცხოელ ტურისტებში დიდ მოწონებას იმსახურებს.

„მესხური ტაბლა“ - USAID ზრდა-ს დახმარებით გამოიცა, სამცხე-ჯავახეთის ტრადიციული კულინარიის დღეისათვის შემორჩენილი 20-მდე კერძის რეცეპტს აერთიანებს და ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე. აღსანიშნავია, რომ წიგნში წარმოდგენილი კერძების რეცეპტებზე იმუშავა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიამ.

პროექტი სამცხე-ჯავახეთის ტურიზმის განვითარების სამუშაო ჯგუფის პირველი ინიციატივაა და უახლოეს მომავალში ტურიზმის რეგიონული მართვის ორგანიზაციად (DMO) ჩამოყალიბდება.

წიგნის პრეზენტაცია სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართა. აღნიშნული წიგნის მიზანია ადგილობრივი კერძების პოპულარიზაცია და საზოგადოებაში რეგიონის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ის საუკეთესო საჩუქარია როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი ტურისტებისათვის. დაგეგმილია წიგნის გაყიდვა სხვადასხვა არხების მეშვეობით, მათ შორისაა მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტ-მაღაზია, Amazon.com-ი. წიგნის გაყიდვისაგან მიღებული შემოსავალი სრულად მოხმარდება სამცხე-ჯავახეთის ტურიზმის რეგიონული მართვის ორგანიზაციის გაძლიერებას.

სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელოს რეგიონებში და ახმეტის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მხარდაჭერის მიზნით, USAID-ის პროექტი „ზრდა“ ხელს უწყობს ახალი ტურისტული პროდუქტის შემუშავებას, ახალი ტურისტული ობიექტების და ღირშესანიშნაობების პოპულარიზაციასა და ტურიზმის სექტორში ჩართული მხარეების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გაუმჯობესებას კომპლექსური მიდგომის გამოყენებით.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.