ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მესხური ყველის საწარმო “მზიანეთი“ ასპინძაში სასტუმროს აშენებს
17 ივნისი, 2019

მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ჯერ არ დაწყებულა,  სტუმრების რაოდენობამ შარშანდელ მთელი წლის მონაცემებს უკვე გადააჭარბა  —  ასოციაცია „მზიანეთის“ ტენილი ყველის საწარმო უკვე ორი წელია ტურისტებს მესხური ყველის დაგემოვნებასა და  მომზადების ტექნოლოგიების მასტერკლასებს სთავაზობს.

ასპინძის რაიონის სოფელ „ჭობარეთში“ საწარმოს, რომელშიც 8 ადამიანია დასაქმებული. ხელმძღვანელი კი ალუდა ჯვარიძეა. 5 წლის განმავლობაში გაუქმებული „მზიანეთი“ არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი კორფის დაფინანსებით აღდგა და ტურისტული სააგენტოებისა და გიდების დახმარებით იღებს სტუმრებს  მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

ერთი ადამიანის სტუმრობა მზიანეთში, რომელსაც სურს მესხური სამზარეულოს კერძები დააგემოვნოს (მესხური პური, ყველი, ქადა, ხაჭაპური და ა.შ.) 50 ლარი ღირს. როგორც „მზიანეთის“ დამფუძნებელი „კომერსანტთან“ ინტერვიუში აცხადებს, ტურისტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა შემაფერხებელია ის ფაქტორი, რომ ჯერჯერობით სასტუმროს მომსახურება კომპანიას არ აქვს.

„შარშან საწარმომ მთლიანობაში 100-ზე მეტ ტურისტს უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ჯერ არ დაწყებულა,  სტუმრების რაოდენობამ შარშანდელ, მთელი წლის მონაცემებს უკვე გადააჭრბა. დაინტერესება ძალიან დიდია,  ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენთან სასტუმროს არქონაა – აქ მოდიან და მალევე გადიან. ძირითადად პეტერბურგიდან ჩამოდიან ტურისტები, მალაიზიელებიც და ჩინელებიც გვესტუმრნენ, რამდენიმე დღის წინ კი ებრაელებიც გვყავდა.  ძალიან მოსწონთ მესხური ყველი,  ქადები და ხაჭაპურები. აღსანიშნავია, რომ მესხური პური 2 საუკუნის წინ აშენებულ ფურნეში ცხვება.“ – აცხადებს ალუდა ჯვარიძე

ალუდა ჯვარიძემ ასევე აღნიშნა, რომ სამომავლოდ „მზიანეთს“ სასტუმრო, ღვინის სახლი, ვაზის ტერასები შეემატება.

„მუშა ხელში ფულს არ ვიხდით და ჩვენი ფინანსებით ვაკეთებთ ყველაფერს, დაახლოებით 100 000 ლარი დამიჯდება. მაღლა ბილიკები უნდა გაკეთდეს, კალოობაც უნდა გავაკეთოთ, ჩვენთან ჭობარეთში არსებობს დასახლება „ვერანა“, რომელიც მტრის შემოსევის შედეგად „გავერანდა“ და ახლა მხოლოდ ეკლესიაა დარჩენილი, სწორედ ამიტომ ეწოდა ეს სახელი.  აქ იყო უნიკალური ღვინის ჭურები, მინდა ის უძველესი მესხური ჯიშები აღვადგინო. ერთერთი ასეთი ჯიში დაახლოებით 400 წლისაა,  რომელსაც „თამარის ცრემლებს“ უწოდებენ.  სწორედ ამ ყურძნისგან დამზადებულ ღვინოს დააგემოვნებს სტუმარი ჩვენთან ძალიან მალე. მინდა, რომ არასდროს არაფერი არ ვიყიდო მაღზიებში და ყველაფერი ნატურალურით გავუმასპინძლდე  სტუმარს.“ – ამბობს „მზიანეთის“ ხელმძღვანელი.

„მზიანეთში“ იგეგმება ორი ახალი ოდის გაკეთება ძველებურ სტილში, სადაც სტუმარი შეიგრძნობს  ადრეული ცხოვრების ყველა დეტალს და განკუთვნილია ღამის გასათევად. გვერდითა შენობაში  5 ოთახი გაკეთდება დასარჩენად ტურისტებისთვის. ეს ყველაფერი როგორც მეპატრონე ამბობს 100 000 ლარამდე ხარჯებს ითვალისწინებს. განახლება დაახლოებით 2020 წელს დასრულდება.

„მზიანეთს“  კომერსანტი ტურიზმის ადმინისტრაციის კამპანია „გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში ესტუმრა.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.