ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„მეტრო ატლას ჯორჯია“ ბათუმში მორიგი მრავალმილიონიანი პროექტების განხორციელებას იწყებს
19 მაისი, 2021

„მეტრო ატლას ჯორჯია“ ბათუმში მორიგი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას იწყებს. საუბარია სასტუმრო აპარტამენტებისა და ბიზნესცენტრის მშენებლობაზე, რომლის ინვესტიციის საერთო მოცულობა $150 მილიონია. ინვესტიციის 25% თავად „მეტრო ატლას ჯორჯიას“ ეკუთვნის, ხოლო დარჩენილი 75% ებრაულ-ჩინური „სს დე ჯგუფის“ ინვესტიციაა.

სასტუმრო აპარტამენტებისა და ბიზნესცენტრის მშენებლობა საჯარო რეესტრის შენობის უკან, ფიროსმანის ქუჩაზე დაიწყება. აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული 7023 კვ/მ ფართობის მიწა სახელმწიფო აუქციონზე „მეტრო ატლას ჯორჯიამ“ ებრაულ-ჩინურ ჯგუფთან ერთად დღეს შეიძინა. სახელმწიფო ქონების საწყისი ფასი 11,4 მლნ ლარი იყო. საბოლოო ჯამში აუქციონზე ის 30 მლნ ლარად გაიყიდა.

როგორც Forbes Georgia-ს „მეტრო ატლას ჯორჯიაში“ განუცხადეს, შესყიდულ ტერიტორიაზე სასტუმროს და ბიზნესცენტრის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და დაახლოებით ორი წლის ვადაში დასრულდება.

როგორც სახელმწიფო აუქციონის ვებგვერდზე შესაბამისი შესყიდვის პირობების აღწერაში წერია, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 თვის ვადაში უნდა მოხდეს უძრავი ქონების ან მისი ნაწილის განვითარება, რაც მოიცავს 150-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას, შესაბამისი შენობების ექსპლუატაციაში მიღებას და სასტუმროს ფუნქციონირების დაწყებას. ნასყიდობა ასევე ითვალისწინებს სასტუმროს ფუნქციონირების დაწყებიდან ერთი თვის ვადაში, არანაკლებ 30 საქართველოს მოქალაქის დასაქმებას არანაკლებ ორი წლის ვადით.

„მეტრო ატლას ჯორჯია“ ბათუმში კიდევ ერთ პროექტს განახორციელებს. საუბარია მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე 5958,00 კვ/მ ფართობის მიწაზე კიდევ ერთი სასტუმრო კომპლექსის, სავაჭრო ცენტრისა და ბიზნესცენტრის მშენებლობაზე. ამ პროექტის ინვესტიციის მოცულობა $200 მილიონია, თუმცა ინვესტიციას ამ შემთხვევაში სრულად ჩინური კომპანია XINGQIBA ახორციელებს.

ცნობისთვის, „მეტრო ატლას ჯორჯიას“ დამფუძნებელი ეროვნებით თურქი, საქართველოს მოქალაქე გალიფ ოზთურქია. ოზთურქი ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ინვესტორად მიიჩნევა აჭარაში. მას 2012 წლიდან საქართველოში არაერთი საინვესტიციო პროექტი აქვს განხორციელებული. მისი ძირითადი ბიზნესსაქმიანობა ტურიზმის, ტრანსპორტისა და საფინანსო სექტორებზე მოდის.

 

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.