ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ყველაზე ძველი ძაფი მსოფლიოში
17 ნოემბერი, 2015

ჭიათურის კარსტული მღვიმე,

რომელმაც საქართველოს კიდევ ერთი  მსოფლიო სტატუსი შესძინა

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ. მღვიმევის აღმოსავლეთით 2 კმ-ზე, მდ. ნიკრისას ხეობაში კირქვებში გამომუშავებულია აღმავალი ორსართულიანი სიღრუე ,,ძუძუანას მღვიმე”, სადაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ძაფის ნაშთები, რომლის შემდგომი ლაბორატორიული დათვალიერების შედეგად, დადგინდა, რომ ასაკით 34 ათასი წლისაა და ზედაპალეოლითური გრეხილი ველური სელის ძაფის ბოჭკოებისაგან არის გაკეთებული. აღმოჩენაში უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგ თენგიზ მეშველიანს. ამ დრომდე ითვლებოდა, რომ ყველაზე ძველი ძაფი, ოღონდ ჭინჭრისგან დამზადებული, აღმოჩენილი იყო დოლნივესტონიცაში, ჩეხეთში (ძვ.წ. 29000წ.). თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის, პრეისტორიულ ხანის უძველესი სელის ძაფი. უნიკალურ აღმოჩენას დიდი გამოხმაურება მოყვა სამეცნიერო წრეებში.

ჭიათურაში დაზვერვითი სამუშაოები დაიწყო მე-19 საუკუნის 90-იანი წლებიდან და უამრავი გამოქვაბული და მღვიმეა ნაპოვნი. ჭიათურის მახლობლად არსებულ ძუძუანას მღვიმეში არქეოლოგიური მუშაობა 1966 დაიწყო, სადაც 1975 წლებამდე მუშაობდა დავით თუშაბრამიშვილი. იქ აღმოჩნდა ე.წ. ზედა პალეოლითური ხანის 3,5 მეტრის სისქის ნასახლარი. არქეოლოგ თენგიზ მეშველიანის ხელმძღვანელობით მუშაობა 1983 წლიდან ისევ განახლდა. 1996 წელს აღმოჩენილ იქნა ძველი დროის ძალიან საინტერესო თანამედროვე ტიპის ადამიანის ნასახლარი. ამ ძეგლით დაინტერესდნენ ჰარვარდის უნივერსიტეტის სპეციალისტები. ამერიკელი მეცნიერი ბარ იოზეფი, ქვის ხანის შესწავლის პატრიარქი და ისრაელის ჰებრონის უნივერსიტეტის არქეოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი ანა ბელფერ კოენი. ამ ტერიტორიაზე მუშაობდა საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია. პალეონტოლოგმა ელისო ყვავაძემ ახალ ტექნოლოგიას მიაგნო და მძლავრი მიკროსკოპით დაინახა დართული ძაფის ბოჭკოს უმცირესი ნაწილაკები. აღმოჩენებში სელის გარდა შალის ბეწვიც არის დაგრეხილი. სელის ბოჭკო ტექნოლოგიურად არის დაჭეჭყილი, მერე დაძეძგილი და მერე მოქსოვილია. თვალით უხილავი ბოჭკო სინჯარაშია მოთავსებული და მხოლოდ იმ შემთხვევაშია ხილული, თუ მას საგანგებო მიკროსკოპით 500-ჯერ მაინც გაადიდებ. ეს მასალა მტვრის გამოკვლევისას აღმოჩნდა. საერთოდ, ქვის ხანის არქეოლოგიაში მტვრით დგინდება, რა ფლორა და რა კლიმატი არსებობდა. 2009 წლის 11 სექტემბერს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ SCIENCE--ში (ტომი 325), ძუძუანას მღვიმეში ჩატარებული კვლევების შესახებ სამეცნიერო სტატია დაიბეჭდა. პალინოლოგიურმა კვლევამ ე. ყვავაძის ხელმძღვანელობით უნიკალური მონაცემები დაადასტურა.

ძუძუანას მღვიმე ძალიან მნიშვნელოვანია, არა მარტო იმიტომ, რომ აქ ძაფი აღმოჩნდა. კვლევებისას, 8 ფენაა დაფიქსირებული და შვიდი ფენა ზედა პალეოლითურია. ზედა პალეოლითური პერიოდი 35 ათასი წლის წინ იწყება. მაშინ ადამიანები, საცხოვრებლად ბუნებრივ მღვიმეებს იყენებდნენ. ამ პერიოდში, გონიერი ადამიანი, ჰომო საპიენსი, თავისი სხეულის განვითარებით, ფაქტობრივად არ განსხვავდება თანამედროვე ადამიანისგან. მას აქვს სამუშაო იარაღები, უპირველესად ქვის იარაღები და იყენებენ ძვალსაც. ეს ადამიანები ჯოგებად ცხოვრობდნენ. სელის ბოჭკოს აღმოჩენამ კი მსოფლიო აალაპარაკა, ამით დასტურდება, რომ ამ პერიოდში, ადამიანები  ტანსაცმელს ხმარობდნენ. აქვეა აღმოჩენილი სადგისებიც. ძუძუანას მღვიმე, ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლია. თუმცა უნდა ითქვას, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტში უამრავი პალეოლითური ძეგლია, რომელიც სრულად შესასწავლია.

კარსტული მღვიმის ბოლო წერტილი შესასვლელთან შედარებით 8-10 მეტრით მაღლა მდებარეობს. მღვიმის შესასვლელის აბსოლუტური სიმაღლე 515 მეტრია, შეფარდებითი სიმაღლე 15 მეტრია, სიღრმე 175 მეტრამდეა, სიგანე 1-15 მ, სიმაღლე 1,5-10 მ, ფსკერის ფართობი 438 მ2, საერთო მოცულობა 1310 მ3. მღვიმეში გაედინება ნაკადული. ნაკადის რეჟიმი ცვალებადია. იგი ძირითადად ატმოსფერული ნალექებით საზრდოობს, ბინადრობენ ობობასნაირები, ღამურები და წურბელები. პირველი სართული ადვილი გასავლელია, მეორეზე ასასვლელად საჭიროა სპელეოლოგიური საჭურველი. ძუძუანას მღვიმის წინა მშრალ ნაწილში შეიძლება თავშესაფარის მოწყობა, წარმოადგენს არქეოლოგიურ ობიექტს. საერთოდ ჭიათურა არქეოლოგიაში მსოფლიოში ძალიან ცნობილი და პოლულარულია.


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.