სასტუმროების ქსელი მგზავრები ბათუმში ამერიკული ბრენდის „ბესტ ვესტერნის" სასტუმროს ხსნის და მომხმარებელს სასტუმროს აქციონერობას სთავაზობს.
საინვესტიციო შეთავაზების მიხედვით 1 აქციის ღირებულება 12900 დოლარია. ირკვევა, რომ აქციონერი მიიღებს დივიდენდს სასტუმროს მოგებიდან, გარდა ამისა წელიწადში 24 დღის განმავლობაში მას სასტუმროში დასვენების უფლება ექნება. „ბესთ ვესტერნის" სასტუმრო ბათუმში 4 ვარსკვლავიანი იქნება, ის ახალ ბულვარში პირველ ზოლში მდებარეობს, სასტუმროში 54 ნომერია და მასში ინვესტიციის სახით 2,8 მილიონი დოლარი ჩაიდება. სასტუმროში განთავსდება რესტორანი და კაფე ვერანდით, ღია აუზი მე-7 სასრთულზე და საკუთარი პლიაჟი ზღვაზე. სასტუმროს აქციონერები დასვენების დღეებში ყველა სერვისით უფასოდ ისარგებლებენ.
შპს "სასტუმროების ქსელი მგზავრები" 2008 წელს დაარსდა, მიმდინარე ეტაპამდე კომპანიის მიერ აშენებულია 8 სასტუმრო კორპუსი ბაკურიანში, 3 კორპუსი გონიოში და ერთი ბათუმში, სულ 600-მდე სასტუმრო ტიპის აპარტამენტი. ამჟამად მიმდინარეობს ახალი სასტუმროების მშენებლობა გუდაურში (160 ოთახი), ბაკურიანში (70 ოთახი) და გონიოში (50 ოთახი). კომპანიის მიერ მოზიდული და განხორციელებული ინვესტიცია დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიის წლიური ბრუნვა დაახლოებით 10 მილიონი ლარია, ხოლო კომპანიის აქტივი 20 მილიონ ლარს უტოლდება.
Best western-ი კი სასტუმროების ამერიკული ბრენდია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 4200 სასტუმროს აერთიანებს და ითვლება ყველაზე დიდად მსოფლიოში.
ავტორ(ებ)ი : სალომე სოსელია