საქმიანი ტურიზმის განსავითარებლად პოტენციალი გვაქვს, თუმცა ის სტაბილურ და მშვიდ რეგიონს მოითხოვს - Georgian Holiday
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით, საქართველოს საქმიანი ტურიზმის (MICE) ინდუსტრიის ერთ-ერთი უდიდესი ფორუმების გაერთიანების m&i Forum ხელმძღვანელები ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში m&i Forum წარმომადგენლებმა თბილისში საგამოფენო სივრცეები და სასტუმროები დაათვალიერეს. m&i Forum შეაფასებს თუ რამდენად მზად არის ქვეყანა უმასპინძლოს მასშტაბურ ღონისძიებებს.
ტურისტული კომპანია Georgian Holiday-ის ხელმძღვანელი მანანა ცირამუა „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ საქმიანი ტურიზმის პერსპექტივა საქართველოში ნამდვილად არის, მაგრამ პოტენციალის მიუხედავად ეს სექტორი სტაბილურ და მშვიდ გარემოს მოითხოვს რაც ამ ეტაპზე საქართველოში არ არის.
„საქართველოს საქმიანი ტურიზმის განვითარების პერსპექტივა ნამდვილად აქვს, რადგან ჩვენთან არის შესაბამისი ობიექტები სადაც შესაძლებელია დიდი ღონისძიებების მოწყობა და თანდათან მათი რიცხვი იზრდება. საქმიანი ტურიზმისთვის საქართველოში ყველაზე მიმზიდველი რა თქმა უნდა თბილისია, რადგან ის გამოირჩევა საჭირო ობიექტების სიმრავლით, როგორიცაა სასტუმროები, საკონფერენციო დარბაზები, ღონისძიებების ჩასატარებელი ადგილები, თუმცა ბათუმიც არაჩვეულებრივია ამ მიმართულებით. რაც შეეხება სხვა ქალაქებს, აშკარაა რომ პერსპექტივა იქაც ჩნდება და ეს ძალიან კარგია.
MICE ტურიზმი, მსოფლიოში ყველაზე შემოსავლიანია და ის მომგებიანი ტურიზმის მნიშვნელოვანი ფორმაა. საქმიანი ტურიზმის გულისხმობს, რომ ქვეყანაში მოდიან ადამიანები, წინასწარ დაფინანსებული და მომზადებულები, ღარიბი ადამიანი ამ დანიშნულებით ვერ შემოვა ქვეყანაში, შესაბამისად ის მაღალმხარჯველუნარიანია. ზოგადად ძალიან კარგია, მაგრამ რთულად განსავითარებელი მიმართულებაა, დიდი რესურსის ჩადებას მოითხოვს და წინასწარ დაზუსტებით არავინ იცის, გაამართლებს ეს რესურსი თუ არა.
საქმიანი ტურიზმის მიმართულება დღეს საქართველოში ფაქტობრივად მკვდარია, რადგან ის იგეგმება გაცილებით ადრე ვიდრე ტურიზმის სხვა მიმართულებები და სტაბილურ გარემოში. საქმიანი ტურიზმის განსავითარებლად პოტენციალი გვაქვს, თუმცა ის სტაბილურ და მშვიდ რეგიონს მოითხოვს, ამიტომ აღდგენის პროცესი ჯერ კიდევ არ დაწყებულა“, — ამბობს მანანა ცირამუა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2022 წლის აგვისტოში 912 041 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები განხორციელდა, საიდანაც ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 742 247 შეადგინა. მიმდინარე წლის აგვისტოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 2021 წლის აგვისტოს მონაცემებს 135.8%-ით, 2020 წლის აგვისტოს მონაცემებს კი 1 586.6%-ით აღემატება, ხოლო პანდემიამდე 2019 წლის აგვისტოს ვიზიტების რაოდენობას 22.6%-ით ჩამორჩება და აღდგენა 77.4%-ია.
commersant.ge