MICE ტურიზმის მიმართ მოთხოვნაზე Crowne Plaza Borjomi-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი ავთანდილ წურწუმია ‘’ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს. მისი ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე დამსვენებლების ძირითად ნაწილს ადგილობრივები წარმოადგენენ. შეკვეთებში კი პირველ ადგილზე MICE-ტურიზმის მიმართულებაა.
"ზამთრის სეზონი რეგიონების სასტუმროებისთვის ზოგადად გამოწვევებით ხასიათდება. მოთხოვნა ძირითად ისეთ ქალაქებზეა, რომლებიც წარმოადგენენ ცენტრებს და აქვთ აეროპორტები: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი. ამ სეზონზე ჩვენთვის მთავარი სეგმენტი ადგილობრივი დამსვენებელია, რომელიც რეგიონს სტუმრობს. პრიორიტეტად რჩება ბიზნეს-შეხვედრები, მომხმარებელს ვთავაზობთ სერვისს, როგორიცაა ბიზნეს ჯგუფების მასპინძლობა და ამ მიმართულებით ვართ დატვირთული. რაც შეეხება უცხოელ სტუმრებს, მოგეხსენებათ სეზონი არ არის მაღალი და მათი მხრიდან დიდი ნაკლებობა იყო. კლება იგრძნობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგივე იყო წინა წელს“, - აცხადებს ავთანდილ წურწუმია.
რაც შეეხება დამსვენებლების სეგმენტს, მისი ინფორმაციით, პირველ ადგილს, დიდი უპირატესობით, საქმიანი ტურიზმი იკავებს.
"ბიზნესშეხვედრებისთვის საკმაოდ აქტიური სეზონია. ესენი არიან ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციები, სამედიცინო კომპანიები, IT მიმართულება და სხვა. ვისაც სურს გასვლითი შეხვედრების დაორგანიზება ქალაქგარეთ. ზაფხულიდან ბორჯომი უცხოელი დამსვენებლებისთვის ძალიან პოპულარული კურორტია. შესაბამისად, აქტიურ სეზონს ივნისიდან ვიწყებთ და სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება. ველოდებით, რომ 90%-მდე დავიტვირთებით“, - აცხადებს ავთანდილ წურწუმია.
რაც შეეხება ქვეყნებს, შეკვეთებში მოწინავე პოზიციებს იკავებენ შუა აზიის ქვეყნები, სპარსეთის ყურის სახელმწიფოები და ევროპიდან განსაკუთრებით გერმანია და პოლონეთი.
ცნობისთვის, Crowne Plaza Borjomi საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კურორტზე, ქალაქ ბორჯომის შუაგულში მდებარეობს. სასტუმროს შენობა მთებს შორის, ისტორიული პარკის მიმდებარედ, მდინარის პირას დგას და 100-ზე მეტი სტუმრისთვის კეთილმოწყობილ სივრცეს ქმნის.
სასტუმროში 2400 კვადრატული მეტრი გამაჯანსაღებელ ცენტრსა და სპას უჭირავს; ამასთანავე, Crowne Plaza-ს საკონფერენციო დარბაზები, ორი რესტორანი, ღვინის ბარი, ლობი და ლაუნჯ კლუბიც აქვს.
BP.GE