არის თუ არა საქართველო ღვინის სამშობლო, ამის შესახებ ცნობილი დეკემბერში გახდება. ამერიკის ეროვნული კოსმოსური სააგენტო „ნასა" საბოლოო შედეგებს აღნიშნულ პერიოდში დადებს. ამის შესახებ საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის რეგულაციის სამმართველოს უფროსმა დავით მაღრაძემ „კომერსანტს" განუცხადა.
მისი ინფორმაციით, პროექტი, რომლის მიზანიც საქართველოსთვის ღვინის სამშობლოს სტატუსის სამეცნიერო დადასტურებაა, წარმატებით მიმდინარეობს. მაღრაძის თქმით, არსებობს კვლევის პერსპექტიული მიმართულება, საბოლოო შედეგები კი დეკემბერში იქნება.
მისი განმარტებით, „ნასას" ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების პირველი პარტიის შედეგებმა აჩვენა, რომ რამდენიმე ნიმუშიდან ერთში ეგრეთწოდებული ღვინის მჟავის ნაშთია აღმოჩენილი. ღვინის მჟავა კი არის მარკერი ევროპული ვაზის ღვინისა. მაღრაძე აცხადებს, რომ უკვე გაგზავნილია ნიმუშების მეორე პარტია, რომელზე კვლევაც დეკემბერში დასრულდება.
მისი განმარტებით, საქართველოს „ღვინის სამშობლოდ" აღიარება მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება და ის მსოფლიოში ქართულ ღვინოზე ინტერესს გაზრდის.
„2014 წელსაც, როცა ეს პროექტი იწყებოდა, ითქვა, რომ მისი მთავარი მიზანი იყო საქართველოს ღვინის კულტურა წარმოეჩინა. ეს კი ხელს შეუწყობდა ქართული ვაზისა და ღვინის პოპულარიზაციას. როდესაც ადამიანებს ეუბნები, რომ ღვინოს, რომელიც მთელ მსოფლიოში ნომერ პირველი პროდუქტია, ფესვები საქართველოდან აქვს, ეს ძალიან ზემოქმედებს მასზე. ეს ქართული ღვინისადმი ინტერესს ბევრად გაზრდის"-აცხადებს მაღრაძე.
იმის მეცნიერული დასაბუთებისთვის, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ხელისუფლებამ ახალი პროექტი 2014 წლის იანვრიდან დაიწყო. პროექტის დაწყების შესახებ პირველად ღვინის ეროვნული სააგენტოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა „კომერსანტის“ საახალწლო ეთერში, 2013 წლის დეკემბერში განაცხადა.
პროექტში საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი ცენტრები არიან ჩართულნი. მათ შორის „ნასას" ლაბორატორია, პენსილვანიის უნივერსიტეტი, კოპენჰაგენის დნმ-ის კვლევის ცენტრი, მონპელიეს უნივერსიტეტი, მილანის უნივერსიტეტი და ა.შ.
მაშინ დავითაშვილმა განაცხადა, რომ პროექტი სამეცნიერო ხასიათს ატარებდა და მისი მიზანი ქართული ვაზის წარმოშობის სათავეების დადგენა და იდენტიფიცირება იყო.
"ჩვენ გვაქვს ფრაგმენტული მასალა. თუმცა ეს წამყვანი მეცნიერების მიერ აღიარებული არ არის და ამას მუშაობა უნდა. დარწმუნებულები ვართ, რომ ღვინის ქვეყანა ჩვენ ვართ, მაგრამ ამას მეცნიერული დასაბუთება სჭირდება,"- აცხადებდა ლევან დავითაშვილი.