ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მიხეილ ხიდურელმა ლონდონში, საქართველოს საინვესტიციო ფორუმში მიიღო მონაწილეობა
05 მარტი, 2024

"აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ლონდონში, საქართველოს საინვესტიციო ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც EBRD-ისა და დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართა.

მიხეილ ხიდურელმა მონაწილეობა მიიღო პანელში - Why Invest in Georgia, სადაც ხაზი გაუსვა ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობასა და პოტენციალს. ხიდურელმა ასევე ისაუბრა, ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომლებსაც საქართველოს ევროპული ინტეგრაცია მოუტანს.

"მოხარული ვართ, რომ მონაწილეობა მივიღეთ ქართულ-ბრიტანულ ბიზნეს-ფორუმში, სადაც საშუალება მოგვეცა ინვესტორებისთვის გაგვეცნო საქართველოსთვის პრიორიტეტული სექტორები. მნიშვნელოვანია, რომ წლის განმავლობაში გვქონდეს კონკრეტული აქტივობები, ვხვდებოდეთ ინვესტორებს, ვზრდიდეთ ცნობადობას, განსაკუთრებით ისეთ მსხვილ ბაზრებზე როგორიც დიდი ბრიტანეთია. რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ყოველი ასეთი აქტივობის შემდეგ, რამდენიმე თვეში ვიხილავთ შედეგს, თუმცა ეს ყველაფერი აკუმულირდება და საბოლოო ჯამში, მრავალწლიან პერიოდში მოგვცემს საშუალებას, გვქონდეს ინვესტიციების სტაბილური ციკლი.

დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი ტოპ ინვესტორია საქართველოში - დღემდე დაახლოებით 4 მილიარდამდე დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული. დარწმუნებული ვართ, ასეთი აქტივობები ხელს შეუწყობს, რომ ეს სტატისტიკა კიდევ უფრო პოზიტიური გახდეს" - აღნიშნა "აწარმოე საქართველოში" დირექტორმა ფორუმის დასრულების შემდეგ.

ფორუმზე საქართველოს ზოგად საინვესტიციო გარემოსთან ერთად განიხილეს კონკრეტული საინვესტიციო სექტორები, მათ შორის: ენერგეტიკის, ლოგისტიკისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიების შესაძლებლობები.

ფორუმის მომაწილეებს სიტყვით მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთში სოფიო ქაცარავამ.

ლონდონში გამართულ საინვესტიციო ფორუმს დიდი ბრიტანეთიდან 100-ზე მეტი დაინტერესებული ინვესტორი დაესწრო. ღონისძიებას საქართველოს და დიდი ბრიტანეთის ბიზნეს სექტორისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.