1,2 მლრდ ლარის ღირებულების ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობისთვის ტენდერი 15 თებერვლამდე გამოცხადდება
„ტენდერი ქვეშეთი-კობის გვირაბის ასაშენებლად თებერვლის მეორე ნახევარში გამოცხადდება და ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება საშუალება წინასწარ მოემზადოს მასში მონაწილეობის მისაღებად“,– განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ დღეს გამართულ ღია კარის დღეზე, სადაც დიპლომატიურ კორპუსს, ბიზნეს ასოციაციებს, დონორ ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პროექტებში მონაწილე სამშენებლო კომპანიებს ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობისა და სატენდერო პირობების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
მისივე თქმით, ქვეშეთი-კობის გვირაბი, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საინჟინრო მნიშვნელობით გამორჩეულია — 9 კმ-იანი გვირაბის სიგანე 15 მეტრი იქნება, რაც საკმაოდ იშვიათია არამხოლოდ ამიერკავკასიაში, არამედ მსოფლიო მასშტაბით. ამ თვალსაზრისით, ქვეშეთი-კობის გვირაბი უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა.
„ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფნის ნაწილია. გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით, რაც გზის ამ მონაკვეთზე ხშირ და ხანგრძლივ შეფერხებებს იწვევს.კვლევამ, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში ჩატარდა გამოავლინა, რომ ამ მონაკვეთზე წელიწადში საშუალოდ 98 დღის განმავლობაში იკეტება ეს გზა. ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი მოაგვარებს დღეს არსებულ პრობლემებს და სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი.ეს პროექტი უმნიშვნელოვანესია ტვირთბრუნვისა და გამტარუნარიანობის კუთხითაც.ამასთან,აქამდე თუ სტანდარტულად 60 წუთი სჭირდებოდა ამ გზის გავლას ეს დრო 15 წუთამდე შემცირდება“,-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ პროექტის სოციალურ ასპექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეშეთი-კობის გზის პროექტი სოფლებში ბიზნეს გარემოს განავითარებს.
„ეს გზა გაივლის ბევრ სოფელს, რომელიც ფაქტობრივად მიტოვებულია. გვქონდა შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან და დიდია მოლოდინი, რომ გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა სოფელში მოსახლეობის დაბრუნებასა და შენარჩუნებას შეუწყობს ხელს, ეს გზა ამ სოფლებს ახალ სიცოცხლეს შესძენს, მათ შორის ხელს შეუწყობს მათ საკურორტო მიმართულობით განვითარებას. 5 კილომეტრიანი გზის მშენებლობაა გათვალისწინებული გუდაურის მიმართულებით, რაც ტურისტთა მზარდი ნაკადის პირობებში საკმაოდ მნიშვნელოვანია“,— განმარტა ქარსელაძემ.
ქვეშეთი- კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 მონაკვეთად. ჯამში,დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 23 კილომეტრამდე გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა.
commersant.ge