ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
2017 წლის ტურისტულ სეზონზე აჭარაში სტუმრებს ხარისხის ნიშნის მქონე გიდები მოემსახურებიან
15 მაისი, 2017

2017 წლის ტურისტულ სეზონზე აჭარაში  სტუმრებს ხარისხის ნიშნის მქონე გიდები მოემსახურებიან. ამის შესახებ რადიო „კომერსანტის" გადაცემაში Myrest-ი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პიარისა და რეკლამის განყოფილების უფროსმა ნინო ხახუბიამ ისაუბრა. მისი განცხადებით, დეპარტამენტის მიერ რეკომენდირებული გიდები სამი მიმართულებით იმუშავებენ.

როგორც ხახუბია აცხადებს, წელს აჭარაში ჩასულ ტურისტებს 5 ახალი ტურისტული მარშრუტიც დახვდებათ. სიახლეა სერვისის გაუმჯობესების კუთხითაც. მისი ინფორმაციით, წელს პირველად, მაღალმთიან აჭარაში არსებული საოჯახო სასტუმროს სახლების მეპატრონეების გადამზადება მიმდინარეობს, რათა ისინი მაქსიმალურად მომზადებულები შეხვდნენ ტურისტულ სეზონს.

ამასთან, როგორც ხახუბია აცხადებს,დაინიშნა არაერთი საერთაშორისო ფრენა ბათუმის აეროპორტის მიმართლებით. „დღეისათვის 5 ახალი ავიაკომპანია იწყებს ჩარტერულ და რეგულარულ რეისებს არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან. გარდა ამისა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ქვეყნების ავიაკომპნიებთან"-აცხადებს ხახუბია.

მისი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში იგეგმება არაერთი დაბალბიუჯეტიანი და მაღალი კლასის სასტუმროს გახსნაც.

როგორც ხახუბია აცხადებს, 2017 წლისთვის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა 16 მიზნობრივი ქვეყანა დასახა. ესენია:თურქეთი, ისრაელი, პოლონეთი. ბალტიის ქვეყნები - ესტონეთი, ლიტვა, ლატია, ბელარუსი, რუსეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, გერმანია, ირანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები. მისი განცხადებით, თითოეულ ქვეყანაში პიარ და მარკეტინგული ღონისძიებების ფარგლებში სხვადასხვა აქტივობები ხორციელდება. მათ შორისაა,სოციალურ საიტებზე რეგიონის რეკლამირება. იგეგმება გარე რეკლამის განთავსება ძირითად ქალაქებში, ასევე  პიარ და ინფო ტურების ორგანიზება.

„ყველაზე დიდი მიღწევა, რაც დეპარტამენტს ამ დროისთვის აქვს, არის აჭარის შესახებ საიმიჯო ვიდეო რგოლების გაშვება ისეთ საერთაშორისო სატელევიზო არხებზე, როგორიცაა ევრონიუსი და ალჯაზირა"-აცხადებს ხახუბია.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პიარისა და რეკლამის განყოფილების უფროსმა ნინო ხახუბია იმედოვნებს, რომ წელს აჭარაში ტურისტების რაოდენობა 7 პროცენტით გაიზრდება.

ავტორ(ებ)ი: კომერსანტი


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.