„მიმდინარე წელს ექსპორტზე 10%-ით მეტი პროდუქციის გატანას ვგეგმავთ“ - „თელავის ღვინის მარანი“
2022 წელს საქართველოდან ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტი შემცირდა. 5 თვეში ქვეყნიდან 79.8 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3.7%-ით ნაკლებია.
მიუხედავად არსებული სტატისტიკისა, „თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მიმდინარე წელს ექსპორტის 10%-ით გაზრდას გეგმავს.
„მიმდინარე წელს ვგეგმავთ, შარშანდელთან შედარებით 10%-ით მეტი პროდუქციის გატანას ექსპორტზე, თუმცა ცოტა გაურკვეველი სიტუაციაა და რთულია პროგნოზების გაკეთება. რომელიმე სახეობის ღვინის მიმართულებით ექსპორტის ზრდას არ ვგეგმავთ, ეს იქნება უფრო სრული პაკეტი, რადგან ქართული ღვინო სწორედ მისი მრავალფეროვნებით არის საინტერესო. რა თქმა უნდა ზოგიერთი სახეობა უფრო მეტად და ზოგიერთი შედარებით ნაკლებად გაიყიდება, მაგრამ მთავარია ჯამური ზრდა შევინარჩუნოთ“, — ამბობს ზურაბ რამაზაშვილი.
მთავრობის ინფორმაციით, შარშან მილიონ ბოთლზე მეტი ქართული ღვინო გავიდა მხოლოდ ამერიკის ბაზარზე. წელს დაახლოებით 15%-იანი ზრდაა, თუმცა სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ამბობს, რომ მათი ამბიციაა გაცილებით მეტი შედეგები გვქონდეს ამ ბაზარზე. „თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელმა „კომერსანტთან“ აშშ-ს ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე საუბრობს.
„ბაზრების დივერსიფიცირება, ახალი დაფარვის არეალის მოძიება და გაფართოება ჩვენი მუდმივი ზრუნვის საგანია, მაგრამ ეს ერთჯერადად და ძალიან ჩქარა არ ხდება, რადგან ღვინო ისეთი პროდუქტია, რომ ის მოითხოვს ცნობადობას, ახალ ბაზარზე ცნობადობის გაზრდა კი ძალიან ხანგრძლივი პროცესია, გადართვა რთულად და ნელა ხდება, თუმცა მაგაზე ვმუშაობთ. საუბარია აშშ-ზე, სადაც ქართული ღვინო წლებია არის და იქ დაინტერესებაც არსებობს, მათ შორის ჩვენი ღვინოცაა წარმოდგენილი. ეს ის ბაზარია რომელზეც უკვე 20 წელია ვართ და სურვილი გვაქვს რომ გავზარდოთ რაოდენობა, თუმცა იქაც შეზღუდვაა ცნობადობის თვალსაზრისით, ყველა შტატში არ არის ცნობილი ქართული ღვინო, ყველა ქსელი არ არის ხელმისაწვდომი და შესაბამისად ხანგრძლივი პროცესია, რომელშიც სააგენტოც ჩართულია და ქართული ღვინის პოპულარიზაციის კამპანიებს აწარმოებს“, — ამბობს ზურაბ რამაზაშვილი.
2022 წელს ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე გაიზარდა და ჯამში 13 მლნ დოლარამდე ღირებულების 4 198 ტონა ღვინო გავიდა, რაც 20.5%-იანი ზრდაა, ხოლო საქართველოდან აშშ-ში 2 მლნ დოლარზე მეტის ღირებულების ღვინოა ექსპორტირებული, რაც 15%-იანი ზრდაა.
commersant.ge