ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მიმდინარე წლიდან მუცოში ტურისტული ინფრასტრუქტურა ამოქმედდება
11 თებერვალი, 2019

მიმდინარე წლიდან მუცოში ტურისტული ინფრასტრუქტურა ამოქმედდება,- ამის შესახებ Bm.ge-ის საქართველოს კულტურული მემკიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს. როგორც სააგენტოში განმარტავენ, მუცოს მკვიდრებს საშუალება ექნებათ თავიანთ საკუთრებაში მყოფი საცხოვრისებში სასტუმროები მოაწყონ და ტურისტები მოიზიდონ.

მუცოს რეაბილიტაციის მეოთხე ფაზა უკვე დასრულდა, დარჩენილია მხოლოდ ინფრასტრუქტურული ნაწილი – მისასვლელი გზები, მოაჯირები, რომელიც ივლისის თვემდე უნდა დამთავრდეს.

“პარალელურ რეჟიმში, დაწყებულია მუშაობა კონცეფციაზე, თუ როგორ ვაქციოთ მუცო ცოცხალ ორგანიზმად; ვფიქრობთ, რომ ეს საცხოვრისები ეთნოგრაფიული ელემენტებით უნდა მოეწყოს. ამ ყოველივეს საექსპოზიციო კონცეფციის ის ძირითადი დოკუმენტი განსაზღვრავს, რომელზეც სააგენტოს სპეციალისტები უკვე მუშაობენ. მთავარია ეს სასტუმრო ინფრასტრუქტურა ძეგლთა დაცვის ძირითად პრინციპებს დაექვემდებაროს, რაც ციხე-სოფლის საცხოვრისებისა და კოშკების ავთენტური იერსახის შენარჩუნებასა და სათანადოდ მოვლა-პატრონობას გულისხმობს“ – აცხადებენ სააგენტოში.

მუცოში ისტორიულად ორი გვარი სახლობს: დაიაურებისა და შეთეკაურების. ამჟამად ციხე-სოფელში სამი მუდმივი მაცხოვრებელი ოჯახია დასახლებული დაიაურების გვარიდან. სააგენტოში ვარაუდობენ, რომ ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდეგ, მუდივმაცხოვრებელთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

“გვსურს სტიმული მივცეთ მუცოში უკვე დაფუძნებულ სამ ოჯახს, რომლებიც მუდმივმაცხოვრებლებად ითვლებიან. იმედი გვაქვს, რომ მათ სხვა ოჯახებიც დაემატება, თუნდაც სეზონურად. გვინდა, რომ მათ ეთნოგრაფიულად მოწყობილ საცხოვრისებში ეთნო ტურიზმისთვის გათვალისწინებული, თანამედროვე სასტუმრო ინფრასტრუქტურა აამოქმედონ და ამ მიმართულებით სამეწარმეო საქმიანობა გააქტიურონ. ეს საგვარეულო საცხოვრისებია და მათ ყველას თავისი მესაკუთრე ჰყავს. ამ ადამიანებს შეუძლიათ უკვე მიმდინარე წლიდან ტურისტები მიიღონ. სახელმწიფო მათ კონსულტაციების სახით დაეხმარება, თუ როგორ შეიძლება ეს ისტორიული ციხექალაქი ტურისტული მიმართულებით გააცოცხლონ“– განმარტავენ სააგენტოში.

ამავდროულად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მუცოს ციხე-სოფლის კონსერვაციის პროექტი „ევროპა ნოსტრას“ ევროპული მემკვიდრეობის კონსერვაციის საუკეთესო პროექტების კონკურსში წარადგინა. მიენიჭება, თუ არა მას ეს ნომინაცია, მარტში გაირკვევა.

“თუ ეს პროექტი გაიმარჯვებს, ეს დაეხმარება მუცოს ტურისტულ რუკაზე გაჩნდეს, მას დამატებითი პრივილეგიები მიენიჭება და მიზიდულობის ცენტრი გახდება ტურისტებისთვის“ – აცხადებენ სააგენტოში.

მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის ფინანსური თანადგომით 2014 წლიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში მუცოში 2 665 000 ლარის ინვესტიცია უკვე განხორციელა. სოფელი მუცო მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ პირიქითა ხევსურეთში, მდინარე არდოტის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს.

Bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.