ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
უცხოელები ძირითადად რუსეთიდან არიან შემოსული, შედარებით მცირე რაოდენობით არიან ევროპელები - სასტუმროს მეპატრონე
03 ოქტომბერი, 2022

სიღნაღში ზაფხული საკმაოდ დატვირთული იყო და როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი დამსვენებლების რაოდენობა პანდემიამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას სასტუმრო პანორამა სიღნაღის მეპატრონე მანანა ხუციშვილი აღნიშნავს, მიმდინარე  წელი დიდად გამორჩეული არ ყოფილა, თუმცა შარშანდელ და შარშანწინდელთან შედარებით უკეთესი იყო.

„პანდემიამდელი მაჩვენებელი აღდგა, უცხოელები ძირითადად რუსეთიდან არიან შემოსული, შედარებით მცირე რაოდენობით არიან ევროპელები, მაგალითად გერმანელები იყვნენ, თუმცა ჩემთან უმეტესად მაინც ქართველები მოდიან.

ზოგადად რეგიონშიც ძირითადად  უფრო  რუსეთი აქტიურობს, ევროპიდან ნაკლებად, ყოველ შემთხვევაში სიღნაღში ასეთი სურათია, ასევე მეტნაკლებად აქტიურობს ბალტიის პირეთის და პოსტსაბჭოთა ქვეყნები. ჩამოდიან ჩინეთიდან და ისრაელიდანაც,  თუმცა ეგ სეგმენტი უფრო დაბალბიუჯეტიან სასტუმროებს ეტანება“, - აღნიშნა მანანა ხუციშვილმა.

ხუციშვილმა „კომერსანტთან“ საფასო პოლიტიკაზეც ისაუბრა და თქვა, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში თითქმის ყველაფერზე  ფასი გაზრდილია, ფასების ცოტათი დაკორექტირება მოუწიათ.

„მე ძირითადად ქართულ საიტებთან ვთანამშრომლობ, თუმცა booking-ზეც მიდევს განცხადება. წელს როგორც  უცხოელ, ასევე ქართველი ტურისტებს განსხვავებული ფასი შევთავაზე.

მოგეხსენებათ ყველაფერი გაძვირებულია, ყველაფერზე გასამმაგებული და გახუთმაებულია  ფასები. მაგალითად წინა წელს ჰიგიენური საშუალებისთვის რასაც ვიხდიდი, ერთჯერადი  შამპუნი იყო ეს თუ ქიმიური  საწმენდი  საშუალებები, წელს მათი ფასი გაორმაგებულია. საშინლად არის  ფასები მომატებული, მეც მომიწია  ფასის  კორექტირება,  სხვანაირად  ვერ ვიმუშავებდი,  წაგებაზე მომიწევდა  მუშაობა და რა თქმა უნდა წაგებაზე მუშაობა არც ერთ  ბიზნესს არ აწყობს. 

ძირითადად ქართულ  ბაზარზე  მორგებული ფასები მაქვს,  რაც შეეხება  უცხოელ  მომხმარებლებს მათ  ცოტა განსხვავებულ ფასს ვთავაზობ, რადგან booking-მაც გაზარდა პროცენტი და მომსახურების ფასი 18-22 %-მდე აქვთ.

რაც შეეხება ფასებს, თუ შარშან ერთ ნომერში 90 -100 ლარს ვიღებდი წელს მისი  ფასი 130 ლარია, ხოლო უცხო ქვეყნის  მოქალაქეებისთვის 150 ლარი გავხადე“, -  აღნიშნა მანანა ხუციშვილმა.

„კომერსანტი“ გესთ ჰაუსის მეპატრონესაც დაუკავშირდა, როგორც გესთ ჰაუსისს მეპატრონემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მის გესთ ჰაუსში წინა წელთან შედარებით დიდი ცვლილება არ ყოფილა, ზოგადად სიღნაღში კი ძირითადად რუსები ჭარბობენ .

„მე  გესთ  ჰაუსი მაქვს, ჩემ შემთხვევაში წინა წელთან შედარებით დიდი ცვლილება არ ყოფილა, თუმცა წინა წელთან შედარებით  წელს რუსეთის მოქალაქეები ჭარბობდა, შარშან მაგალითად გერმანია და დასავლეთ ევროპული ქვეყნები და პოლონეთიდან ჩამოდიოდნენ, წელს პოლონელები და უკრაინელები საერთოდ არ გამოჩენილან. ძირითადი სეგმენტი მაინც  ქართველები არიან. რაც შეეხება  ფასებს, მე ნომერზე ფასი არ გამიზრდია, რადგან ისეთ კონტინგენტი არ მყავს, რომ მომსახურება გავუძვირო და გადახდა შეძლონ“, - აცხადებენ  სასტუმრო „შავ ლომში“

commersant.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.