29 აპრილს, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის კუთვნილ თელავის აეროპორტში – „მიმინო“, გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდგომ, პირველი კომერციული შიდა რეისის მიღება განხორციელდა, მარშუტით „ნატახტარი – თელავი“.
ინფორმაციას „კახეთის მხარე“ ავრცელებს.
აღნიშნული ავიარეისით შპს „ეარ ჯორჯია“-ს კუთვნილი საჰაერო ხომალდით (20(ოცი) ადგილიანი L-410)) ნატახტარიდან თელავში გადაყვანილი იქნა ტურისტული ჯგუფი, რომელთაც გეგმაში ჰქონდათ კახეთის რეგიონის ღირსშესანიშნაობების მონახულება.
„დღევანდელი დღე იქნება საფუძველი იმისა, რომ შესრულდეს რეგულარული რეისები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებიდან, რაც ტუროპერატორებისგან, სასტუმრო და ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებისაგან დიდმა მოთხოვნამ განაპირობა“ -განაცხადა საავიაციო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ტეფნაძემ.
ცნობისთვის: თელავის აეროპორტიდან, შესაძლოა, ავიარეისები ბათუმის და ქუთაისის მიმართულებით შესრულდეს.
როგორც BMG-ის კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხდა, საკითხი ჯერ მოლაპარაკების საგანს წარმოადგენს და თუ დადებითად გადაწყდა, ავიარეისები ჯერ – ბათუმის, შემდეგ კი, ქუთაისის მიმართულებით დაინიშნება.
„ტუროპერატორებისგან, სასტუმრო და ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებისაგან მოთხოვნა უკვე არის თბილისი-ბათუმზე. თელავი-ქუთაისზე კი, შეიძლება იყოს თვითონ მოქალაქეებისაგან ინიციატივა, რადგან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით ბევრი სარგებლობს და კახეთიდან ქუთაისამდე ჩასვლას სულ მცირე 6-7 საათი უნდა; თუკი შიდა ფრენები დაიწყება, რა თქმა უნდა, ეს შეამოკლებს გზას და გააიაფებს მგზავრობას“, – აცხადებს ქადაგიშვილი.
რაც შეეხება სხვა დეტალებს, კერძოდ, თუ როდიდან დაიწყება ავიარეისების განხორციელება და რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევს “მიმინოს” აეროპორტს, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მოლაპარაკებები დასრულდება
commersant.ge