ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მითოლოგიური კუნძული მალთაყვაში – 300 ათასი ლარის ღირებულების განაშენიანების რეგულირების გეგმა დასრულებულია
19 ივლისი, 2019

მალთაყვის სარეკრეაციო ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა დასრულებულია, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ფოთის მერიისთვის გაგზავნილი დასრულებული ვარიანტი გარკვეული შენიშვნებით შემსრულებელ კომპანია „ურბანიკას“ უნდა დაუბრუნდეს.  

როგორც  ფოთის მერი გოჩა კურდრელია „კომერსანტთან“ აცხადებს, მალთაყვის განვითარების პროექტში უპირატესობა სპორტული ტურიზმის განვითარებას მიენიჭება, შესაბამისად აშენდება 5-ამდე სპორტული მოედანი და დიდი სტადიონი, ასევე ცალკე ზონა სპორტსმენებისთვის.

„გეგმის ძირითად საკითხებზე შეთანხებული ვართ, აქ იქნება სპორტული ბაზები, სტანდარტული სასტუმროები, ტურისტული ცენტრები, კოტეჯები და საცხოვრებელი ზონა. იქიდან გამომდინარე, რომ ფოთში კარგი კლიმატური პირობები გვაქვს, გვინდა რომ ყოველ წელს შესაძლებელი იყოს სპორტული შეკრებების ჩატარება. გათვალისწინებულია 5 სპორტული მოედანი და სტანდარტული ფეხბურთის მოედანი.

ვაპირებთ მითოლოგიური კუნძულის გაკეთებას,  ჩვენ გავქვს ნიკოლაძის სახელობის კუნძულად წოდებული ადგილი, რომლის ფართობი 22 ჰექტარია და ამ გეგმის მიხედვით მისი განაშენიანება მოხდება მითოლოგიური კუთხით. (სწორედ ნიკო ნიკოლაძის ძალისხმევით 1894 წელს მოხდა ნავსადგურის გადაკეთება, ქალაქის დაგეგმარება, აიგო სამოქალაქო და სახელმწიფო შენობები, ხიდები, მონუმენტური ეკლესია.) იყო მცირე პრობლემები ძირითადად ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით, კერძო მესაკუთრეებთან და ამ პრობლემებს ვაგვარებთ და შეიძლება ითქვას, რომ სულ ახლო მომავალში გეგმა სრულად იქნება მზად,“– განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

მალთაყვის განაშენიანების გეგმის დამკვეთი ინფრასტრუქტურის სამინისტროა, მისი დამზადება კი 300 ათასი ლარი დაჯდა. გათვალისწინებულია რამდენიმე სხვადასხვა ზონა სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის.

მალთაყვის ნახევარკუნძულის სანაპირო ზოლი – ტერიტორია მდებარეობს მდინარე კაპარჭას, მალთაყვის არხსა და შავ ზღვას შორის, ტერიტორიაზე გადის სენაკი-ფოთი- ბათუმის მაგისტრალური გზა. პროექტის მიხედვით გათვლისწინებულია ამ ზოლზე  კემპინგისა და ეროვნული პარკის სტუმრებისთვის განკუთვნილი უბნების გაშენება.

მალთაყვის პლიაჟის   ტერიტორია მოიცავს მალთაყვის არხიდან „გრეიფრუტების“ ტერიტორიამდე საზღვარს,  რომელსაც გამოყოფს მცირე ჭაობიანი ტერიტორია, რომელიც ჩაედინება „ოქროს ტბაში“. დღეისთვის პლიაჟის ტერიტორიაზე მიმდინარეობს პლიაჟის მოწყობის სამუშაოები. პლიაჟის მთელ ტერიტორიაზე გაიჭრა სამანქანო მოასფალტებული გზა და მცირე ბულვარი. პლიაჟს თავისი სამკურნალო თვისებებიდან გამომდინარე აქვს ტურიზმის განვითარების დიდი პერსპექტივა.

სასტუმრო კომპლექსი სპორტსმენებისთვის

კომპლექსის მაქსიმალური დატვირთვა 2500 ვიზიტორია, აქედან გამწვანებული ტერიტორია 4 ჰა-ზე იქნება , ჯამურად განაშენიანება გათვლილია 75 500კვ.მ-ზე. სასტუმრო კომპლექსი განთავსებული იქნება ტბის გარშემო და შესაძლოა წყლის სარკის გარშემო ლოკალური ბულვარის მოწყობა ძირითად ბულვართან კავშირით. ეს კომპლექსი უკავშირდება სპორტულ დარბაზებსა და სპორტული მოედნების კომპლექსს.

აგრო-პარკი

ეს იქნება ზონა, რომელიც ემიჯნება პალიასტომის ტბას, რამსარის ზონას და ეროვნული პარკის დაცულ ტერიტორიას. ადგილზე არის ნაყოფიერი ნიადაგი.

საცხოვრებელი უბანი

უბანი მოიცავს 40-ამდე ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს, მაცხოვრებლების დაახლოებითი რაოდენობა 150 იქნება. ასევე გათვალისწინებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი – 9 ბლოკი. ბინების ჯამური რაოდენობა დაახლოებით 750 ერთეული იქნება. სახლი დაიტევს 2000-ამდე მაცხოვრებელს.

სასწავლო და პროფესიული გადამზადების ობიექტები

გულისხმობს საცხოვრებელს 2000 სტუდენტზე. მისი ფართობი 30 000 კვ.მ-ია და მოიცავს აუდიტორიებს და ადმინისტრაციას.

ტურისტული მიზიდვის ცენტრი

ამ სივრცეში გათვალისწინებულია საგამოფენო სივრცეები, ატრაქციონები, თეატრონი და სხვა დასვენებისა და გართობის პარკისთვის აუცილებელი ობიექტები. ჯამური ფართობი 65 000 კვ.მ-ს მოიცავს. გამწვანებული ტერიტორია მინიმუმ 4ჰა-ზე იქნება.

მითოლოგიური კუნძული

გეგმა მიმდინარე წელს უნდა დამტკიცდეს და შემდგომში დაიწყება ინვესტორების მოწვევა. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ  მთავრობის მიერ მიღებულ იქნა დადგენილება და ის კომპანიები, რომლებიც ფოთში განახორციელებენ ინვესტირებას, სერიოზული შეღავათებით ისარგებლებენ.  საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №632 განკარგულების შესაბამისად, ფოთში მალთაყვის უბნის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით ეკონომიკის სამინისტრომ საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შესარჩევი კონკურსი 2017 წელს გამოაცხადა, სადაც შპს ,,ურბანიკა“ გამარჯვებულად გამოვლინდა.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.