ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"მიზნად დავისახეთ, რომ 2024 წელს ევროპელი ტურისტების რიცხვი გავაორმაგოთ" - "კასტელო მარე"
23 იანვარი, 2024

აჭარის რეგიონში, ციხისძირში მდებარე სასტუმრო ,,კასტელო მარე“ 2024  წლის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ევროპელი ტურისტების სიმცირეს მიიჩნევს. ამ პრობლემის დაძლევის გეგმაზე მუშაობას სასტუმროს მენეჯმენტი უახლოეს პერიოდში დაიწყებს.  

როგორც ,,კასტელო მარეს“ აღმასრულებელი დირექტორი ზანდა მესხიძე ,,ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, კომპანია ევროპული ნაკადების გაზრდის კუთხით აქტიური მარკეტინგული კამპანიის დაწყებას გეგმავს.

მესხიძის გათვლით, ევროპელი ტურისტების რაოდენობის მინიმუმ, გაორმაგება იგეგმება. 2023 წელს მათი წილი ,,კასტელო მარეს“ მომხმარებლების 15%-ს არ აღემატებოდა.

,,ვმუშაობთ აქტიურად და ვცდილობთ, შევავსოთ დანაკლისი, რაც  2023 წელს ევროპელი ტურისტების დეფიციტთან დაკავშირებით არსებობდა. ამ მიზნით ვგეგმავთ სხვადასხვა ტურისტულ გამოფენასა და ფორუმებში მონაწილეობას. მათ შორის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის და ავსტრალიის მიმართულებით, რათა ამ ქვეყნებიდან წამოვიყვანოთ ტურისტები და აჭარის რეგიონით, კონკრეტულად კი, ,,კასტელო მარეთი“ დავაინტერესოთ. ამ კუთხით აქტიურად ვთანამშრომლობთ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან და გლობალურ გამოფენებში სწორედ მათთან ერთად ვაპირებთ აქტიურ მონაწილეობას. 2023 წელს 15% იყო ევროპელი ტურისტების წილი და წელს თუ გავაორმაგებთ, კარგ შედეგად ჩავთვლით“, - აცხადებს ზანდა მესხიძე.

მარკეტინგული კამპანიის გაააქტიურების პარალელურად კომპანიაში ახალი სერვისების დამატება იგეგმება. ცვლილება განსაკუთრებით  სპა და სამედიცინო-გამაჯანსაღებელ მომსახურება ეხება.

,,2024 წელს  განსაკუთრებით გამაჯანსაღებელი მიმართულების გაძლიერებას ვგეგმავთ. სპა ცენტრის  და სარეაბილიტაციო-სამედიცინო პროექტების განხორციელების კუთხით აქტიურად ვიმუშავებთ. ამ მიზნით  თბილისის ბალნეოლოგიურთან ვაპირებთ თანამშრომლობას.  ვემზადებით და უახლოეს მომავალში ასევე ბოტანიკურ ბაღსა და ზიპლაინთან ვითანამშრომლებთ. აღნიშნულთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში დავაანონსებთ. გასულ წელს მაღალმხარჯველი ტურისტების შემოსვლა რეალურად წარმოადგენდა პრობლემას, ვფიქრობთ, რომ წელს ამ კუთხით გარკვეულ წარმატებას მივაღწევთ. პირველ რიგში, გავააქტიურებთ თანამშრომლობას გალფის ქვეყნებთან, რომლებიც მაღალმხარჯველ სეგმენტს წარმოადგენენ, ასევე სკანდინავიური ქვეყნები. პოტენციური ტურისტებისთვის ვაგზავნით მესიჯს, რომ არსებობს საინტერესო კურორტი ციხისძირი და ,,კასტელო მარე“, სადაც მაღალი ხარისხის სერვისები და საუკეთესო გარემოა. სასურველ მიზნამდე ვრცელი გზაა გასავლელი, გლობალური საკითხია,  ვსახავთ გეგმას და ნაბიჯ-ნაბიჯ განვახორციელებთ“, - განაცხადა ზანდა მესხიძემ.

რაც შეეხება განთავსების ტარიფებს, მაღალ სეზონზე სასტუმროში ნომრების ფასი ერთი ღამით, 300 ლარიდან 900 ლარამდე მერყეობს. ზანდა მესხიძის თქმით, შარშანდელთან შედარებით, ფასები შენარჩუნდება, თუკი თვითღირებულება არ გაუძვირდებათ.

ცნობისთვის, სასტუმრო „კასტელო მარე“ 5 ვარსკვლავიანი, უმაღლესი კლასის სასტუმროა, რომელიც ციხისძირში სანაპიროს პირველ ზოლში მდებარეობს. სასტუმრო 2016 წელს გაიხსნა, რომლის კომპლექსშია სამი კორპუსი (ვიქტორია, დიანა და ალბა) და ვილა აფროდიტე, რომელიც 100 -ზე მეტ ოთახს და 250 სტუმარს იტევს.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.