ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მოინახულეთ ფხოველი და ზიარი, სამკურნალო ტალახი და ძველი ქვის ხანის ადამიანის მიერ დანთებული ცეცხლის კვალი..
27 ივნისი, 2022

იმოგზაურე გურჯაანში, ნახე ფხოველი და ზიარი, სამკურნალო ტალახი და ძველი ქვის ხანის ადამიანის მიერ დანთებული ცეცხლის კვალი..

ისტორიის უწყვეტ მატიანედ შემორჩენილი ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლები, ბუნების ხელთუქმნელი ულამაზესი პანორამები და პეიზაჟები, ისტორიული სოფლები... ეს იმ ღირსშესანიშნაობათა მცირე ჩამონათვალია, რომელიც გურჯაანში მოგზაურობისას შეიძლება მოინახულო. აქ, ყოველი ფეხის ნაბიჯზე, შენთვის ჯერ კიდევ  უცნობ საქართველოს აღმოაჩენ...

გეოგრაფი, მოგზაური გიორგი დვალაშვილი:

ფოტო: სოფელი არაშენდა

ფხოველი და ზიარი - სამკურნალო ტალახი და ძველი ქვის ხანის ადამიანის მიერ დანთებული ცეცხლის კვალი

ფხოველი კიდევ ერთი ისტორიული სოფელია გურჯაანის მუნიციპალიტეტში. წლების წინ, ამ ტერიტორიაზე გადიოდა საქარავნე გზაც. სოფელი მდიდარია საუკუნოვანი ისტორიული ძეგლებითა და სალოცავებით.

უძველეს ისტორიასთან, ულამაზეს ბუნებასთან და ისტორიული ძეგლების სიმრავლესთან ერთად, ფხოველი უნიკალური სამკურნალო თვისებების მქონე ტალახის ვულკანითაცაა გამორჩეული. ფხოვლის სამკურნალო ვულკანური ტალახი, არაფრით ჩამოუვარდება ქალაქ გურჯაანში მდებარე ახტალის ცნობილ სამკურნალო ტალახს, ამ ადგილამდე მისასვლელი გზა რთული და უკომფორტოა, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი და ტურისტულად პერსპექტიული ადგილია.

ფოტო: გიორგი დალაშვილი & ტალახები

რამდენიმე წლის წინ ზიარ-ფხოვლის ტერიტორიაზე, დურგლიანთ მიწების ისტორიულ უბანში, არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელსაც ნიკა თუშაბრამიშვილი ხელმძღვანელობდა, შუა პალეოლითის ხანის ღია სადგომებს და უძველეს არტ-ფაქტებს  მიაკვლია და  უნიკალური აღმოჩენაც გაკეთდა- არქეოლოგებს სადგომებს შორის, ქვის ხანის ადამიანის მიერ დანთებული ცეცხლის კვალი დახვდათ შემორჩენილი. სწორედ ამ ადგილზეა მიკვლეული მსოფლიოში ცეცხლის გამოყენების უძველესი კვალი, რაც უკვე მსოფლიო ექსპერტიზამ და არქეოლოგიურმა სამყარომაც აღიარა; საქართველოში მიკვლეულია უძველესი თაფლის, ღვინის, ძაფის წარმოების ადგილები. ცეცხლს ხომ უდიდესი როლი ენიჭებოდა კაცობრიობის განვითარების ისტორიაში და საქართველოში ესეც დაფიქსირდა. ზიარის არქეოლოგიური ძეგლი, მსოფლიო მნიშვნელობის ობიექტია და უფრო მეტად პოპულარული და ცნობადი უნდა გახდეს.

დღეს კი, გურჯაანიდან სულ რამდენიმე კილომეტრით მოშორებით მდებარე სოფლები- ზიარი და ფხოველი მოსახლეობისგან თითქმის დაცლილია, ამ ძირძველ ისტორიულ სოფლებში აქა-იქ თუ წააწყდები მუდმივ მოსახლეს...

ზიარის გზა/ტბა, ფოტო: გიორგი დვალაშვილი

ვეჯინი 

ფოტო: გიორგი დვალაშვილი

ცივ- გომბორის ჩრდილოეთით, ზღვის დონიდან 420 მეტრზე მდებარე სოფელი ვეჯინი გურჯაანიდან 7 კილომეტრითაა დაშორებული.  ისტორიულ წყაროებში პირველად „ვეჯინად“ მოიხსენიებოდა.

სოფელი არქეოლოგიურად შეუსწავლელია და დანამდვილებით არავინ იცის, როდიდან ითვლის თავისი არსებობის ისტორიას. ისტორიულ წყაროებში პირველ ცნობას კი X საუკუნიდან ვხვდებით. XI საუკუნეში ვეჯინი კახეთ-ჰერეთის ერთ-ერთ საერისთავოს წარმოადგენდა და კახეთის სამეფოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული, პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი იყო.

ვეჯინის ისტორიული ძეგლებიდან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვეჯინის ციხე- სიმაგრე. ვეჯინის ციხის შესახებ, ვახუშტი ბატონიშვილი წერს: “ბაკურციხის ჩრდილოეთით, ცივის მთის ძირას, არის ვეჯინი, მას ზევით, მთის კალთასა ზედა, არს ციხე შენი, მაგარი და დიდებულია, შიგან გამომდინარე წყაროთი და ეკლესია ღმრთისა გუმბათოვანი დიდი, აქვე ეფლიან ენდრონიკაანი“-ო.

ისტორიულ წყაროებში ვეჯინი ჰერეთის ციხედაც იხსენიება. მე-10 საუკუნეში ვეჯინი ჰერეთის, ხოლო XI საუკუნეში კახეთის უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო. ვეჯინის ციხე აუღებლად ითვლებოდა და  კახეთ-ჰერეთის უმთავრეს ციხე-სიმაგრეს წარმოადგენდა. საუკუნეების წინ სწორედ აქ აფარებდა თავს ათასი ჯურის დამპყრობელთაგან აწიოკებული მოსახლეობა...

ვეჯინის ციხის ამაღლების კომპლექსში შედის IX-Xსს აგებული კოშკი; XIV-XVსს  ღვთაების ამაღლების და შუა საუკუნეების წმინდა მარიამის სახელობის ტაძრები და XV-ს  უძველესი ორსართულიანი სამრეკლო. ამჟამად ამაღლების კომპლექსში დედათა და მამათა მონასტერი მოქმედებს.

ფოტო: ჟურნალი კარიბჭე

არანაკლებ მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია სოფლის სამხრეთით მდებარე, რიყის ქვით ნაგები ციხე-სიმაგრე, რომელსაც „თამარ-ციხეს“ ეძახიან. სოფელში შემორჩენილი გადმოცემით, ამ ციხის აგება თამარ მეფის სახელს უკავშირდება. ვეჯინში სტუმრობისას მეფეს უთქვამს: „მე აქ ვეჯინეო“ და სოფლის სახელწოდებაც აქედან წარმომდგარა, თუმცა ეს მხოლოდ გადმოცემა და ხალხური ეტიმოლოგიაა და დანამდვილებით არავინ იცის რამდენად შეესაბამება სიმართლეს.

ვეჯინის ტერიტორიაზე გვხვდება საუკუნეების წინ აგებულ სხვა ისტორიული ძეგლებიც, მაგალითად მეთექვსმეტე საუკუნეში  აგებული ყველაწმინდას ჯვარგუმბათოვანი ტაძარი, მეშვიდე საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გვ. შუა საუკუნეების აბაშიძეების ოთხსართულიანი მრგვალი კოშკი და სხვა.

მელაანი

გურჯაანში მოგზაურობისას, აუცილებლად უნდა მოინახო ცივ-გომბორის სამხრეთ-დასავლეთ  კალთაზე მდებარე სოფელი მელაანი. სოფელი ზღვის დონიდან 750 მეტრზე მდებარეობს და გურჯაანიდან 25 კილომეტრითაა დაშორებული. ამბობენ, ერეკლე მეფის დროს აქ ხეშავის ნაყოფს აგროვებდნენ მელნის დასამზადებლად და მელაანიც ამის გავლენით ეწოდა. კიდევ ერთი ვერსიით, სოფლის ტერიტორიაზე ბევრი მელია სცოდნია და დასახლებისთვის ხალხსაც მელაანი უწოდებია.

მეთვრამეტე საუკუნის სამების ჯვარგუმბათოვანი ტაძარი, გვიან შუა საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესია, წმინდა გიორგის ტაძარი, შუა საუკუნეების შილდას საყდარი... ეს იმ ისტორიული ძეგლების მცირე ჩამონათვალია, რომელიც მელაანის ტერიტორიაზე შეიძლება მოვინახულოთ. რამდენიმე წლის წინ, მელაანში- ციციანთ მიწებად წოდებულ ადგილზე დარბაზული ტიპის ეკლესიის ნანგრევებს მიაკვლიეს, რომელიც არც ისტორიულ წყაროებში და არც სამეცნიერო ლიტერატურაში მოხსენიებული არ არის. ტაძრის კედლები ქვის ლოდებითა და ქვადუღაბითაა ნაშენები, ტაძარი სავარაუდოდ შუა საუკუნეებს უნდა განეკუთვნებოდეს და წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელზე უნდა იყოს აგებული.  საუკუნეების წინ, ამ ტერიტორიებზე თავადი ციციშვილები ცხოვრობდნენ და შესაძლოა ტაძარი მათი საგვარეულო სალოცავი ყოფილიყო.

მელაანი ყურადღებას იპყრობს არქეოლოგიური ძეგლებითაც. რამდენიმე წლის წინ, სოფლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებიც ჩატარდა. არქეოლოგიური ექსპედიციების დროს  მიკვლეული არტეფაქტების საფუძველზე, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ საუკუნეებს მიღმა სოფელი წარმართული რელიგიის ცენტრი უნდა ყოფილიყო. წარმართული ხანის ორ სამლოცველოსთან ერთად, არქეოლოგიურმა ექსპედიციამ უამრავ საკულტო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთებს და საომარ ინვენტარს მიაკვლია. მკვლევრების აზრით, ერთი სამლოცველო ომის, ხოლო მეორე ნაყოფიერების ღვთაების სახელზე უნდა ყოფილიყო აგებული.

მუკუზანი და ვაჩნაძიანი...

სოფელი მუკუზანი განსაკუთრებით ცნობილია  უნიკალური ღვინომასალით, თუმცა ისტორიული ძეგლებითაც არანაკლებ საინტერესო და გამორჩეულია.

თავისი ისტორიითა და ღირსშესანიშნაობებით გამორჩეულია სოფელი ვაჩნაძიანიც. სოფელი ზღვის დონიდან 560 მ-ზე მდებარეობს და ქალაქ გურჯაანიდან 18 კმ-ით არის დაშორებული. სოფლის სახელწოდება სოფელში მოსახლე თავად  ვაჩნაძეების გვარიდან მომდინარებს, რომლებიც სოფელში XVI საუკუნეში დასახლებულან. მეოცე საუკუნის პირველ ხანებში, სოფელს შრომა დაერქვა, თუმცა შემდეგ კვლავ თავისი  ისტორიული სახელი დაუბრუნდა.

სოფელი ულამაზესი ტყეებითაა გარშემორტყმული. იმ ადგილს, საიდანაც ტყის საფარი იწყება, „პავილიონს“ უწოდებენ და მთელი კახეთის დანახვაა შესაძლებელი. სოფელში  სხვადასხვა პერიოდის ოცდათოთხმეტამდე ისტორიული ძეგლისა და ძეგლის ფრაგმენტის მონახულება შესაძლებელი. სამხრეთის მხარეს - „გუჯაურებად“ წოდებულ ადგილას, დღემდეა შემორჩენილი „ვაჩნაძიანთ პალატების“ - სასახლის ნანგრევები და გალავნის ნაშთები. მახლობლად ღვთისმშობლის სახელობის ტაძარიც დგას. „პალატები“ სავარაუდოდ მე-8 მე-9 საუკუნეებს უნდა მიეკუთვნებოდეს. მკვლევართა აზრით, იგი შუა საუკუნეების სასულიერო სასწავლებელს წარმოადგენდა. ხალხში შემორჩენილი თქმულების თანახმად, სწორედ  “პალატებში” მიუღია განათლება თამარ მეფის ეპოქის ცნობილ პოეტს, ჩახრუხაძეს...

 სოფლის მახლობლად შეგიძლიათ მოინახულოთ ულამაზესი ბუნებრივი ტბა, რომელიც სამიოდე წლის წინ, ცივ-გომბორის კალთაზე მდებარე  ქვაბულში აღმოაჩინეს. ადგილობრივები მას „წურბელას ტბას“ ეძახიან.

გურჯაანში თითქმის ყველა სოფელს უძველესი ისტორია აქვს, მდიდარია ისტორიული და არქიტექტურული ძეგლებით. ისტორიული ძეგლებთან ერთად, ბოლო პერიოდში, აქაურების სავიზიტო ბარათად საოჯახო მარნებიც იქცა. საოჯახო მარანს გურჯაანის ყველას სოფელში შეხვდებით; აბსოლუტურად ყველა სოფელს  შემორჩენია ბიბლიოთეკა და ეს ჩემთვის  სასიამოვნო მოულოდნელობა იყოს.

 გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სხვა მუნიციპალიტეტებისგან მართლაც ბევრი რამითაა გამორჩეული, თუმცა ექსკურსანტებისა და მოგზაურებისთვის ნაკლებადაა ცნობილი.  გურჯაანი აუცილებლად უნდა გახდეს ტურისტის არჩევანი.

ავტორი: შორენა მერკვილაძე


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.