სამთო-სათხილამურო კურორტი ბაკურიანი 2023 წელს სნოუბორდსა და ფრისტაილში ჩასატარებელი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის ოფიციალური კანდიდატია.
საბოლოო გადაწყვეტილება, საერთაშორისო სათხილამურო ორგანიზაციის (FIS) ცნობით, საბერძნეთში კურორტ კოსტანავარინოში 51-ე საერთაშორისო სათხილამურო კონგრესზე გაირკვევა, რომელიც 13-18 მაისს იმართება.
ფედერაცია ოფიციალურ გვერდზე ბაკურიანზე წერს: კურორტზე 4000 მუდმივი მაცხოვრებლია, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე.
ბოლო წლების განმავლობაში „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნისთვის საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე მილიონობით ევრო დახარჯა. კურორტ ბაკურიანს შეემატა ათობით ახალი საბაგირო და სასრიალო გზები 30 კმ-მდე გაიზარდა. კურორტზე აშენდა ახალი სასტუმროები, მთლიანობაში ლოგინების რაოდენობა 15000 აღემატება.
ამ ეტაპზე ბაკურიანს აქვს სამი სასრიალო არეალი: დიდველი, კოხტა და მიტარბი.
საერთაშორისო ჩემპიონატების მასპინძლობის პერსპექტივით, მთის კურორტების განვითარების კომპანია დიდველზე ახალი სასრიალო არეალის გაშენებას გეგმავს, სადაც ასევე განთავსებული იქნება თოვლის პარკი.
ახალი არეალი, სადაც ოთხი ახალი საბაგირო დაემატება, სასრიალო გზებით დაკავშირებული იქნება დიდველის მთასთან. მიმდებარედ ასევე შესანიშნავი ადგილია ჩემპიონატის როგორც გახსნისა და დახურვის, ასევე მედლების გადაცემის ცერემონიალისთვის.
ფედერაცია ასევე აღნიშნავს, რომ თებერვალში ბაკურიანში დიდველის მთაზე წარმატებით ჩატარდა საერთაშორისო ჩემპიონატი სკიკროსში.
საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს მთის კურორტებისა და სამთო სპორტის განვითარებას. გასული წლის ივნისში საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოფიციალური შეხვედრა გამართა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლებთან. კვირიკაშვილის თქმით, მას აქვს სურვილი, რომ ბევრი ახალგაზრდა ჩაერთოს ზამთრის სპორტში და მის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი. ,,საქართველოში ჩამოსული ადამიანები პირველი შთაბეჭდილებით მოხიბლულები არიან საქართველოს მთების სილამაზითა და მასპინძლობის ხარისხით, ჩვენ გვინდა წვლილი შევიტანოთ სამთო სპორტის განვითარებასა და საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებაში” -განაცხადა პრემიერმა.
www.travelingeorgia.ge