გასულ წელს ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანის განახლება დაანონსა. მაშინ ითქვა, რომ საკურორტო დაბა გახდებოდა პირველი ქალაქი სამხრეთ კავკასიაში, სადაც მხოლოდ ეკოტრანსპორტი იმოძრავებდა და მალე აბასთუმანი საქართველოს ახალი სავიზიტო ბარათი გახდებოდა. აბასთუმანში ჩასულმა ქართული ოცნების ლიდერმა ისიც დააკონკრეტა, რომ ეს მასშტაბური და ამბიციური პროექტი პირადად მას ეკუთვნოდა და ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდებოდა.
რა ხდება დღეს აბასთუმანში, როგორ ხვდება ზაფხულის საკურორტო სეზონს და როდის გახდება კურორტი საქართველოს სავიზიტო ბარათი?
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი გოდერძი სხირტლაძე განმარტავს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს სასმელი წყლის მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაცია. ხდება შიდა დაქსელვის სამუშოებზე პროექტირებაც.
„კეთდება ახალი მაგისტრალური სისტემა, ასევე კეთდება წყანალირინების სამუშაოებიც. ეს არის რამდენიმე ათეულობით მილიონობით ლარის ღირებულების პროექტები. შესაბამისად, პროექტის დასრულება წელს ვერ მოესწრება,“-აცხადებს სხირტლაძე.
მისივე ინფორმაციით, კურორტზე მიმდინარეობს საბაგიროს და ობსერვატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მათ შორის, ტელესკოპის შენობის. მიმდინარეობს ახალი სპა სასტუმროების მშენებლობაც. როგორც სხირტლაძე განმარტავს, აბასთუმანში მიმდინარეობს საპარკინგე ადგილების მოწყობაც. დასრულების ფაზაშია გენერალური მიწათსარგებლობის გეგმა, რომელიც უახლოს მომავალში დასამტკიცებლად ადიგენის საკრებულოს წარედგინება.
„წელს ვერ მოესწრება, მაგრამ მომავალ წელს სულ სხვა აბასთუმანი მიიღებს ტურისტებს. დაბა დაემსაგვსება ძველს, თუმცა, მოეწყობა თანამედროვე ინფრასტრუქტურა,“-აღნიშნავს სხირტლაძე.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთადაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ბეთხოშვილი „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ აბასთუმანის 90% კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია, შედეგად, მიმდინარეობს ძველი ფასადების განახლება და აღდგენა.
მისი ინფორმაციით, მიუხედავად სამუშაოებისა, ტურისტების რიცხვი აბასთუმანში ისევე როგორც წინა წლებში, საკმაოდ დიდი რაოდენობისაა.
„შეძლებისდაგვარად განვითარებულია საოჯახო სასტუმროები, თუმცა, დამსვენებლების უდიდეს ნაწილს გამვლელი ტურისტები წარმოადგენენ,“—აღნიშნავს ბეთხოშვილი.
კითხვაზე, რას სთავაზობს წელს აბათუმანი დამსვენებლებს ისეთს, რომელიც გასულ წელს არ იყო, ბეთხოშვილი განმარტავს, რომ ახალი და მნიშვნელოვანი დაბას არ დამატებია, თუმცა, სამომავლოდ შენდება სასტუმრო „პარაგრაფი“ და კიდევ ბევრი გასართობი-ინფრასტრუქტურული პროექტი იგეგმება.
საოჯახო სასტუმრო „აბასთუმანი რეზიდენსის“ დამფუძნებელი დიმიტრი გოგილაშვილი განმარტავს, რომ საკურორტო სეზონი აბასთუმანში მაისში დაიწყო და აქტიურად გრძელდება. მისი განმარტებით, წელს დაბაში უპრეცედენტო რაოდენობის ტურისტია და მათი 95%-ი ქართველებს წარმოადგენენ.
გოგილაშვილის ინფორმაციით, წინა წლებისგან განსხვავებით კურორტზე გააქტიურებულია ინფრასტრუქტურული სამუშოები.
„მართალია ეს ყველაფერი წელს ვერ მოესწრება, მაგრამ მომდევნო წლებში ტურისტების კიდევ უფრო გაზრდის საფუძველი აუცილებლად გახდება,“— აცხადებს გოგილაშვილი.
დაბა აბასთუმანი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამთობალნეოლოგიური კურორტია და ის აჭარა-იმერეთის უღელტეხილის ერთ-ერთ ნაწილში მდებარეობს.
Commersant.ge