„ხვანჭკარა“ მომავალი წლის რთველზე მხოლოდ ადგილწარმოშობის ზონაში დაიწურება“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ საქპატენტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ განუცხადა.
დაახლოებით ერთი თვის წინ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ „ხვანჭკარას“ გადამუშავების პროცესი მისი წარმოშობის ადგილზე მოხდებოდა. სწორედ ამ მიზნით და ბრენდის კომერციალიზაციისთვის სპეციალური ასოციაცია შეიქმნა, რამაც „ხვანჭკარას“ წარმოების განვითარებასა და ექსპორტის პოტენციალის ზრდას ხელი უნდა შეუწყოს.
როგორც ნიკოლოზ გოგილიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, „ხვანჭკარას“ ადგილწარმოშობის ზონები უკვე დაიკეტა. მიმდინარე რთველი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა მომავალი წლის რთველზე, „ხვანჭკარას“ ზონიდან ვეღარ გაიტანენ.
”ასოციაცია უკვე შექმნილია. სპეციფიკაციაში ცვლილებები შევიდა და გამოქვეყნდა. გასაჩივრების ვადა სამი თვეა და ამ სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ, ცვლილებები ოფიციალურად ძალაში შევა. მიმდინარე რთველი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს. მომავალი წლის რთველზე, „ხვანჭკარა“ ადგილზე დაიწურება და ყურძნის რეგიონიდან გატანა აღარ მოხდება. თუ ვინმეს ბოთლზე „ხვანჭკარის“ დაწერა მოუნდება, წარმოება სოფელ ხვანჭკარაში უნდა მოახდინოს“, - განაცხადა გოგილიძემ.
მისივე თქმით, რაჭის რეგიონში არსებულ ქარხნებთან ერთად, ახალი ქარხნების აშენებაც იგეგმება, სადაც „ხვანჭკარის“ გადამუშავება მოხდება: „ქარხანა ადგილზე უნდა იყოს. აქამდე რაც იყო, ისინი გაფართოვდება და ახლებიც აშენდება.“
რაც შეეხება ასოციაციის საქმიანობას, საქპატენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ისინი ადგილობრივ მწარმოებლებს და ზოგადად რეგიონს ბრენდინგის და კომერციალიზაციის მიმართულებით ეხმარებიან: „მათ შორის ღვინის ექსპორტის დივერისიფიცირებაშიც ვეხმარებით. დანარჩენ ნაწილზე კი ღვინის ეროვნული სააგენტო მუშაობს.“
ამასთან, გოგილიძის განმარტებით, აღნიშნული სიახლე იმ მიზანს ემსახურება, რომ აღმოსავლეთ საქართველოში დასავლეთ საქართველოს სახელით ღვინოები არ უნდა იწარმოებოდეს.
„აღმოსავლეთ საქართველოში დასავლეთ საქართველოს ადგილების სახელებით ღვინოები არ უნდა აწარმოონ, ორივე მხარეს თავისი ბრენდები აქვს. გარდა ამისა, ის ღირებულება, რომელიც ამა თუ იმ რეგიონის სახელის პოპულარობით შეიძლება შეიძინოს ბრენდმა, იმ რეგიონსვე უნდა მოხმარდეს, სადაც ეს რეპუტაცია შეიქმნა. მაგალითად, რაჭაში ღვინის მწარმოებელი ღვინოს „მუკუზანს“ და „ქინძმარაულს“ არ უნდა აწერდეს, ასევე კახეთში ღვინის მწარმოებელი ღვინოს „ხვანჭკარას“ არ უნდა აწერდეს“, - აღნიშნა გოგილიძემ.
საქპატენტის თავმჯდომარემ „კომერსანტს“ ისიც განუცხადა, რომ სამომავლოდ, ყველა ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოსთვის, რომელიც რეგისტრირებულია, შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება.
„გრძელვადიან პერსპექტივაში სხვა ადგილებზეც იგეგმება მსგავსი სიახლე. ეს რომ არ იყოს ხისტი გადაწყვეტილება, მეწარმეებს დროს მივცემთ, რომ გადაიარაღდნენ და გადააწყონ საკუთარი სტრატეგია. ეს ეტაპობრივად მოხდება. ამასთან დაკავშირებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ღვინის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნას ველოდებით. წინასწარ ვერ გეტყვით შემდეგი რომელი ბრენდი იქნება. ყველა ადგილწარმოშობის დასახელებაზე, რომელიც რეგისტრირებული გვაქვს, შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება“, - განაცხადა ნიკოლოზ გოგილიძემ.
რაც შეეეხება „ხვანჭკარის“, როგორც ბრენდის გაყალბების ფაქტებს, საქპატენტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნულ საკითხს მწარმოებელთა ასოციაცია გააკონტროლებს და გამყალბებლის მიმართ სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება.
ავტორი: თეონა კენჭიაშვილი