ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
2019 წლიდან “ხვანჭკარის“ ადგილზე გადამუშავება სავალდებულო გახდება - დაიწყებენ თუ არა მეღვინეები რაჭაში ღვინის წარმოებას?
16 აგვისტო, 2017

2019 წლიდან „ხვანჭკარას“ გადამუშავების პროცესი უშუალოდ ადგილწარმოების ზონაში მოხდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას მეღვინეები იწონებენ, თუმცა მათი ნაწილი არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ “ხვანჭკარის“ წარმოება შეწყვიტონ. ბიზნესი ამის მიზეზად ყურძნის მცირე მოსავალს და ლოჯისტიკას ასახელებს. 

“ხვანჭკარის“ ღვინო-მასალების წარმოების ადგილწარმოშობის ზონაში გადატანასთან დაკავშირებით განცხადება სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „რთველი 2017“-ის მზადების ფარგლებში მეღვინეებთან შეხვედრაზე გაახმოვანა. როგორც მინისტრმა მაშინ განაცხადა, ღვინის კომპანიებისთვის ეს უმტკივნეულო პროცესი იქნება, რადგან მათ წარმოების რაჭაში გადატანისთვის გონივრული ვადა მიეცათ. ამასთან, ლევან დავითაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად რეგიონის ეკონომიკურად განვითარებაც დააასახელა. მანამდე კი, სანამ ცვლილება ამოქმედდება, უკვე 2017 წლის სექტემბერში „ხვანჭკარის“ ბრენდის კომერციალიზაციისთვის ასოციაცია შეიქმნება, რომლის შექმნაც სოფლის მეურნეობის სამინისტოს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქპატენტის ერთობლივი პროექტია.

როგორც „კომერსანტთან“ საქპატენტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ განაცხადა: „ასოციაციის შექმნა ადგილზე „ხვანჭკარის“ წარმოების განვითარებას და ექსპორტის პოტენციალის ზრდას ითვალისწინებს. დადებითი მოხდება ის, რომ დამატებითი ღირებულება, რაც „ხვანჭკარას“ აქვს, როგორც ბრენდს, მთლიანად რეგიონში დარჩება, ანუ რეგიონში განვითარდება ქარხნები და ყველა პროცესი იქ იწარმოება.  ეს იქნება დამატებითი შემოსავლის წყაროც“.

„კომერსანტი“ დაინტერესდა, თუ როგორ ემზადებიან ღვინის კომპანიების წარმომადგენელბი აღნიშნული ცვლილებისთვის, რა მოლოდინები აქვთ და დაიწყებენ თუ არა „ხვანჭკარის“ წარმოებას უშუალოდ რაჭაში. მეღვინეები აცხადებენ, რომ რეგულაციებს მიესალმებიან და ამით რაჭის რეგიონი განვითარდება, ადგილობრივ მწარმოებლებს კი მეტი ინვესტიციების ჩადება შეეძლებათ.

როგორც თელავის ღვინის მარანის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურაბ რამაზაშვილმა კომერსანტთან საუბრისას აღნიშნა, „ხვანჭკარის“ ადგილზე წარმოება დადებითი პროცესი იქნება, თუმცა მათი კომპანია რაჭაში საწარმოს აშენებას არ გეგმავს და სავარაუდოდ, 2019 წლიდან „ხვანჭკარის“ წარმოებას შეწყვეტენ.

„ასოციაციის შექმნის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ალბათ, სწორად მიიჩნიეს და იმიტომ იქმნება.

რაც შეეხება ცვლილებას, რომელიც 2019 წლიდან შევა ძალაში, ამის შესახებ ინფორმირებული ვარ. არ გვგონია, რომ რაჭაში საწარმო ავაშენოთ. საერთო გაყიდვებიდან გამომდინარე, „ხვანჭკარას“ ისედაც მცირე გაყიდვები აქვს. სავარაუდოდ,  ამ კონკრეტული ღვინის ბრენდის წარმოებას შევწყვეტთ. თავად რაჭის რეგიონისთვის და ადგილობრივი მეწარმეებისთვის ეს დადებითი მოვლენა იქნება, რადგან ისინი ინვესტირებას მოახდენენ საკუთარ ბრენდში, მსოფლიო ბაზარზე გაყიდიან და მეტი შემოსავალი ექნებათ. მითუმეტეს, რაჭაში თანამედროვე საწარმოები არ არის და ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ, შესაძლოა, ამაში ინვესტიციები ჩაიდოს”, - განაცხადა ზურაბ რამაზაშვილმა.

კომპანია ,,შუხმან ვაინის’’ გენერალური დირექტორის ნუცა აბრამიშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის ინიაციტავა და ასოციაციის შექმნა „ხვანჭკარის“ ბრენდის პოპულარიზიცაციას ხელს შეუწყობს. მისივე თქმით, მათი კომპანია „ხვანჭკარას“ აწარმოებს, თუმცა ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, როცა წარმოება ადგილზე იქნება სავალდებულო, გააგრძელებენ თუ არა, ჯერჯერობით უცნობია, რადგან კახეთიდან რაჭაში პროცესების მართვა ადვილი არ იქნება.

„ხვანჭკარის“ ბრენდის კომერციალიზაციისთვის ასოციაციის შექმნა ბრენდის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს და ამას მხარს ვუჭერთ. რაც შეეხება “ხვანჭკარის“ ადგილზე წარმოებას, ეს ინიციატივა კარგია იმიტომ, რომ ქართული ღვინო უფრო მეტ ასორტიმენტში გაიზრდება. ჩვენი კომპანია ძირითადად ორიენტირებულია კახური ჯიშის და ადგილწარმოშობის ჯიშის ყურძნისგან ღვინის წარმოებით, თუმცა იმისთვის, რომ ჩვენი ასორტიმენტი მრავალფეროვანი იყოს, ყოველწლიურად ხორციელდება კომპანიის მხრიდან დასავლური ტიპის ყურძნის ჩაბარება, მათ შორის „ხვანჭკარის“. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მისი წარმოება და ჩამოსხმა ადგილზე უნდა მოხდეს, ვფიქრობ კარგია, რადგან რაღაც დონის სუბსიდირება განხორციელდება, რაც გლეხების კეთილდღეობას ხელს შეუწყობს. კონკრეტულად ჩვენ როგორ მოვიქცევით, ჯერჯერობით უცნობია. კახეთიდან რაჭაში პროცესების მართვა შეიძლება გართულდეს. ლოჯისტიკა რთული იქნება. თანაც „ხვანჭკარა“ ჩვენთვის არ არის ის კომერციული ბრენდი, რომელიც დიდი რაოდენობით გვაქვს“, - აღნიშნა ნუცა აბრამიშვილმა.

კიდევ ერთი კომპანიის „კახური ტრადიციული მეღვინეობის დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ახალ რეგულაციებისთვის მზად არიან და სამომავლოდ რაჭაში „ხვანჭკარის“ წარმოებასაც აპირებენ.

„ჩვენი კომპანია ახალ რეგულაციებს დადებითად ხვდება, ვინაიდან ეს არის დარგის უფრო გაჯანსაღების პროცესი. ეს არის ნაბიჯი, რომლის გარეშეც მეღვინეობის ხარისხის გაუმჯობესება ვერ მოხდება. დღესდღეობით „ხვანჭკარის“ რაოდენობა მცირეა, მოთხოვნა მაღალია. ცვლილებების შედეგად კი, არის მოლოდინი, „ხვანჭკარის“ მეტი ვენახი გაშენდება. ჩვენ წარმოება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გვაქვს, აჭარაში, გურიაში, ქართლში. რაჭა-ლეჩხუმში, ცაგერის ღვინის ქარხანაში ინვესტიცია ჩავდეთ, შევიძინეთ და სამომავლოდ ამ მიმართულებას განვავითარებთ, რადგან მომავალი წლიდან ოჯალეშის, ტვიშის და უსახელაურის დასახელების ყურძნის გეოგრაფიული კონტროლი იგეგმება. რაჭაში უკვე რამდენიმე წელია ადგილზე ვახდენთ წარმოებას. ღვინის დადუღება-გადამუშავება იქ ხდება და იქიდან უკვე ღვინის მასალა მოგვაქვს. სამომავლოდაც ასე გავაგრძელებთ და „ხვანჭკარის“ წარმოებას ადგილზე მოვახდენთ“, - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.