"მომხმარებლების 70%-მდე უცხოელი ტურისტია" - რესტორანი "ოცი ნაბიჯი თავისუფლებამდე"
თბილისის ძველ უბანში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე რესტორნის ‘’ოცი ნაბიჯი თავისუფლებამდე“ ხელმძღვანელი ტურისტების სიმცირეზე საუბრობს. კოტე გაბრიჩიძე ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, რომ პანდემიის შემდგომ პერიოდში განსაკუთრებით მაღალმხარჯველი ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, თუმცა რესტორნის ნიშა უცვლელია.
გაბრიჩიძის განცხადებით, "ოცი ნაბიჯი თავისუფლებამდე" განსხვავებული კონცეფციის რესტორანია, რომელიც ძირითადად უცხოელ ტურისტებზეა გათვლილი, მიუხედავად ამისა, პრიორიტეტს ადგილობრივი მოქალაქეები წარმოადგენენ.
‘’ჩვენი რესტორნის მდებარეობიდან გამომდინარე, გათვლა ძირითადად უცხოელ ტურისტებზე, თუმცა ყველა კატეგორიის მომხმარებელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რესტორნის მიმართულება ღვინო და ღვინით შექმნილი კერძებია, რის დიდი არჩევანიცაა. ეს კონცეფცია გამოგვარჩევს სხვებისგან ანუ კერძებშიც აქცენტს ღვინოზე ვაკეთებთ. ჩვენ მაინც ბიუჯეტურ სტუმრებზე გვაქვს ორიენტაცია. მომხმარებლების 70%-მდე უცხოელი ტურისტია, თუმცა ნაკლებად მხარჯველთა კატეგორია. შეიძლება ითქვას, რომ მაღალმხარჯველი ტურისტების დიდი დეფიციტია. შეიძლება 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში ეს არ იგრძნობა. თუ პანდემიამდელ მაჩვენებელს შევადარებთ, ქალაქის ცენტრში უცხოელი ტურისტების რაოდენობა მცირეა. ვერ გეტყვით, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, ვიზიტორებში ამის გამოკითხვა არ ჩაგვიტარებია. ალბათ ის გარემოება, რომ კორონავირუსი იყო, რასაც შემდგომი პერიოდის სირთულეები დაემატა. ეტყობა, მდიდარი და ელიტარული ტურისტი საქართველოში არ ჩამოდის“, - აცხადებს კოტე გაბრიჩიძე.
რესტორნის ხელმძღვანელი "ბიზნესპარტნიორთან“ ასევე აღნიშნავს, რომ სამომავლოდ აქტიური კამპანიის ჩატარებას გეგმავს. კერძოდ, ჩატარდება მასტერკლასები, დეგუსტაციები და სხვადასხვა ტიპის აქტივობები, რაც ტურისტებს მოიზიდავს - როგორც უცხოელებს, ასევე ადგილობრივებსაც. მიმდინარე პერიოდის ერთ-ერთ გამოწვევად კი კოტე გაბრიჩიძე კადრების სიმცირეს ასახელებს.
ცნობისთვის, თბილისის ცენტრალურ უბანში, თავისუფლებიდან ოც ნაბიჯზე მდებარე რესტორანი ,,ოცი ნაბიჯი თავისუფლებამდე“ 2022 წელს დაფუძნდა.
bp.ge